ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედელს ააშენებს

აშშ-მექსიკის საზღვარი

დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს საპრეზიდენტო ბრძანება გამოსცა, რომლითაც მექსიკა-ამერიკის საზღვარზე კედლის აშენება დაიწყება. ტრამპის თქმით, აღნიშნული კედელი მექსიკიდან ამერიკაში არალეგალურ იმიგრაციას შეაჩერებს. ტრამპი ამბობს, რომ კედლის აშენების ფასს მექსიკა დაფარავს, მაშინ როდესაც მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს თქმით, მეხიკო არ აპირებს აღნიშნულისთვის სახსრების გაღებას.

„ჩვენ გვაქვს კრიზისი ჩვენს სამხრეთ საზღვარზე. უპრეცედენტო ზრდა არალეგალური იმიგრაციისა ცენტრალური ამერიკიდან ვნებს აშშ-ს და მექსიკას. მე მჯერა, ეს ნაბიჯი, აქედან მოყოლებული, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს იქნება ძალიან, ძალიან კარგი მექსიკისთვის“, - განაცხადა მან.

ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კედლის აშენება რამდენიმე თვეში დაიწყება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მექსიკა ხარჯებს დაფარავს.

„ჩვენთვის ეს არაფერი არ დაჯდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მექსიკის პრეზიდენტმა, საპირისპირო მესიჯით საკუთარ მოსახლეობას მიმართა.

„მექსიკას არ სჯერა კედლების. მე ეს ბევრჯერ ვთქვი და ვიმეორებ, მექსიკა არ გაიღებს ედლის აშენების ხარჯებს“, - თქვა მან.

მექსიკა-ამერიკის 3200 კილომეტრიან საზღვარზე ბარიერები უკვე არსებობს. ამერიკის სასაზღვრო დაცვა საზღვარზე პატრულირებას და საზღვრის დრონებით და ვიდეო-თვალთვალით კონტროლს ახდენს.