შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მთავარ სცენას დაიკავებს და მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს. გასულ წელს, გაეროში დონალდ ტრამპის დებიუტის მთავარი გზავნილი ჩრდილოეთ კორეის მიმართ წარმოთქმული "სრული განადგურების" მუქარა იყო.
არანაკლები ინტერესია პრეზიდენტ ტრამპის წლევანდელ გამოსვლასთან და მის მთავარ გზავნილთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ კორეასთან შექმნილი დაძაბულობა ამ ერთ წელიწადში დრამატულად გაიფანტა. ტრამპი ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ უნს შეხვდა, რომელსაც ადრე "რაკეტის კაცს" ეძახდა და მისგან ბირთვული განიარაღების დაწყების პირობა მიიღო.
მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი წელს მთავარ ყურადღებას ირანზე გაამახვილებს. გაეროს გენერალური ასამბლეის წინ, ამ საკითზე მისი ადმინისტრაციის არაერთი წევრი საუბრობდა. სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია "მუშაობს იმაზე, რომ აიძულონ ირანი ნორმალური ქვეყანასავით მოიქცეს" და "შეწყვიტოს მსოფლიო ტერორის ყველაზე დიდ სპონსორად ყოფნა".
მსგავსი გზავნილები ჰქონდა ნიკი ჰეილისაც, შეერთებული შტატების ელჩს გაეროში. ის გამუდმებით ბრალს სდებს თეირანს სირიის და იემენის დესტაბილიზაციაში, ასევე ისეთი სამხედრო დაჯგუფებების მხარდაჭერაში, როგორიცაა ჰამასი და ჰეზბოლა.