შეერთებული შტატების პრეზიდენტს კოვიდ-19 აქვს. დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის პირველ საათზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მას და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ახალი კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდათ.
"ამაღამ, პირველმა ლედიმ და მე, კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ახლავე დავიწყებთ ჩვენს კარანტინს და გამოჯანმრთელების პროცესს. მას ჩვენ ერთად მოვერევით" - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. განცხადების ზუსტი დრო იყო: 12:44.
ამის შემდეგ, 11 წუთში თეთრმა სახლმა გამოსცა 74 წლის პრეზიდენტის, ექიმ შონ კონლის მემორანდუმი, რომელმაც ტრამპების ტესტზე დადებითი პასუხი დაადასტურა. "პრეზიდენტი და პირველი ლედი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ, ისინი გამოჯანმრთელების პერიოდში შინ, თეთრ სახლში დარჩენას გეგმავენ" - ნათქვამია მემორანდუმში.
თეთრი სახლის ექიმის თქმით, მისი მოლოდინია, რომ პრეზიდენტი "მოვალეობის შესრულებას შეუფერხებლად გააგრძელებს", ის კი მოვლენების განვითარებაზე ინფორმაციას ამერიკელებს მიაწვდის. პრეზიდენტის "ტვიტერზე" გამოქვეყნებული განცხადებიდან დაახლოებით 45 წუთში, მელანია ტრამპმაც "ტვიტერზე" დაწერა, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა კარანტინის გამო, მათ ამ ეტაპზე მომავალი გეგმების შეჩერება მოუწიათ.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ უახლესი პოლიტიკური ღონისძიებები ჯერჯერობით გაუქმებულია. საყოველთაო არჩევნებამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება. პრეზიდენტმა გადადო ამომრჩევლებთან დაგეგმილი საჯარო შეხვედრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კოვიდ-19-ზე ანალიზს პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც აუღებენ.