პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აუქმებს. თეთრ სახლში გაკეთებულ საჯარო განცხადებაში პრეზიდენტმა თქვა, რომ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სირიაში, “სამუდამოა”. მან დასძინა, რომ თურქეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეასრულებს.
“დღეს დილით თურქეთის მთავრობამ ჩემს ადმინისტრაციას განუცხადა, რომ ისინი წყვეტენ ბრძოლას და მათ ოპერაციას სირიაში, და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება სამუდამო“, - განაცხადა ტრამპმა.
სანქციები ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს 14 ოქტომბერს დაუწესა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიაში ქურთულ შენაერთებზე მიიტანა შეტევა. თურქეთმა სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებული შტატების ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირია დატოვეს. გადაწვეტილებას რესპუბლიკელების და დემოკრატების კრიტიკა მოჰყვა.
„დაე, სხვებმა იბრძოლონ ამ დიდი ხნის განმავლობაში სისხლით გაჟღენთილი ქვიშისთვის“, - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.
ერთი დღით ადრე, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ისინი სირიის ჩრდილოეთ საზღვარს ერთად გააკრონტოლებენ. შეთანხმება სირიის იმ ნაწილზე კონტროლს, რომელიც ქურთ მებრძოლებს ქონდათ დაკავებული, თურქეთსა და რუსეთს გადასცემს.