"დღის წესრიგი არ მაქვს... კანონით ვიხელმძღვანელებ" - ტრამპის მოსამართლეობის ნომინანტი სენატში

მოსამართლე ემი კონი ბარეტი

შეერთებული შტატების სენატის იურიდიულ კომიტეტში დღეს ემი კონი ბარეტი სენატორების კითხვებზე პასუხის გაცემას აგრძელებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოსმენა ორშაბათს დაიწყო.

პირველი დღე კომიტეტში მხოლოდ მოხსენებებს დაეთმო. გუშინ და დღეს კი ბარეტს მწვავე კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა, განსაკუთრებით - დემოკრატი კანონმდებლების მხრიდან.

სამშაბათის სესია თითქმის 12 საათი გაგრძელდა. მოსამართლე ბარეტმა ბევრ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა იმ მოსაზრებით, რომ საკანონმდებლო განხილვა კონკრეტულ საქმეს უნდა ეფუძნებოდეს და აქედან გამომდინარე, მას წინასწარ განსაზღვრული პოზიცია ვერ ექნება.

ასევე ნახეთ: სენატში ემი ბარეტის მოსმენა დაიწყო

ბარეტმა სენატის იურიდიული კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ ის არ მისცემს თავს უფლებას, საქმის ბედი საკუთარი პირადი ან რელიგიური ხედვიდან გამომდინარე გადაწყვიტოს. "დღის წესრიგი არ მაქვს" - აცხადებს ემი კონი ბარეტი, "მე კანონით ვიხელმძღვანელებ".

დემოკრატი სენატორების მხრიდან კითხვები რამდენიმე მტკივნეულ საკითხზე დაისვა. მათ შორის იყო არჩევნების შედეგების გასაჩივრების ალბათობა, იარაღის შეძენის უფლება, აბორტის აკრძალვა და სხვა. დემოკრატები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ "ობამაქეარად" წოდებული ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გატარებული ჯანდაცვის რეფორმის გაუქმების საკითხს, რომელიც უზენაესი სასამართლოს განხილვის დღის წესრიგშია.

ასევე ნახეთ: მოსმენის მეორე დღე: ემი კონი ბარეტი სენატორების კითხვებს პასუხობს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ბარეტის დამტკიცება იმიტომ სურს, რომ არჩევნების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსი კონსერვატორი მოსამართლეების მხარეს იყოს. ბარეტის დამტკიცების შემთხვევაში, 9 მოსამართლისგან შემდგარ უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ 3 ლიბერალური განწყობის მოსამართლე დარჩება.

პრეზიდენტი ტრამპი გამუდმებით იმეორებს, რომ ფოსტით ხმის მიცემის არ სჯერა და ეს არჩევნების მასობრივ გაყალბებას გამოიწვევს. პანდემიის გამო, ამერიკელების ნაწილი, უსაფრთხოების მოსაზრებით, ხმას ფოსტით აძლევს. ეროვნული მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოიკითხვების მიხედვით, ტრამპი დემოკრატ ოპონენტ ჯო ბაიდენს, ქვეყნის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ასევე ნახეთ: ტრამპი კვლავ მომავალი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

მოსამართლე ბარეტი ფიცის ქვეშ ამბობს, რომ მას პრეზიდენტ ტრამპთან, ან მისი ადმინისტრაციის წევრებთან არ ჰქონია საუბარი იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცების შემთხვევაში. ამგვარ მიდგომას ბარეტი არაეთიკურად თვლის.

სენატის იურიდიული კომიტეტი ნომინანტს კენჭს ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს უყრის. რესპუბლიკელებს მისი კანდიდატურის დაყენება სენატის გაფართოებულ სხდომაზე ამ თვის ბოლომდე სურთ, საყოველთაო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე.

ასევე ნახეთ: უზენაესის სასამართლოს ქალ მოსამართლეს შეუძლია, საუბრის ტონი შეცვალოს