აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაავადებს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც კონგრესში, 29 იანვარს იყო დაგეგმილი. მისი თქმით, ეს იმ დრომდე მოხდება, სანამ პრეზიდენტი და კონგრესის წევრები ფედერალური მთავრობის ნაწილობრივი დახურვით გამოწვეულ სიტუაციას არ დაარეგულირებენ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს ყოველწლიურად მოეთხოვება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმომადგენელთა პალატას წარუდგინოს. თუმცა ამის ვალდებულება არ არსებობს სენატის წინაშეც. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, პრეზიდენტი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე გამოდის და ამ მოხსენებას კითხულობს, რომელიც ეროვნული ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
გუშინ, გვიან ღამით დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ამ მოხსენების უახლოეს მომავალში გაკეთებას.
თეთრი სახლი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ამ მოხსენებას სხვა ადგილიდან გააკეთებდა და არა კონგრესიდან.
ფედერალური მთავრობის ნაწილის დახურვასთან ერთად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს მოუწოდა გადაედო ამ მოხსენების თარიღი ან წერილობით გაეკეთებინა ის. პელოსიმ მიზეზად უსაფრთხოების სიტუაცია მოიშველია და თქვა, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და საიდუმლო სამსახური დაფინანსების გარეშე არის დარჩენილი.