19 დეკემბერს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მუშაობა დაასრულა 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საქმეს სწავლობდა. 1 000 მოწმის გამოკითხვის და ასობით ათასი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, საგამოძიებო კომიტეტის პანელი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას ურჩევს.
9 კონგრესმენისგან შემდგარი პანელი, რომელთა შორის 7 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელია, თვლის, რომ ყოფილ პრეზიდენტის ბრალი 4 დანაშაულში უნდა წაეყენოს და ის უნდა გასამართლდეს. ბრალდებებს შორის სახელდება: კონგრესის პროცედურისადმი დაუმორჩილებლობა, მისთვის ხელის შეშლა; შეთქმულება შეერთებული შტატების წინააღმდეგ; ყალბი განცხადებების გაკეთება და კონგრესზე თავდასხმის ხელშეწყობა.
კონგრესის კომიტეტის დასკვნას იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია იუსტიციის დეპარტამენტისთვის, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ვაშინგტონში, სპეციალური გამომძიებელი უკვე ზედამხედველობს ორ ფედერალურ გამოძიებას, რომლებშიც ტრამპი ფიგურირებს. ესენია: 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა და ასევე თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანა.
ასევე ნახეთ: იზრდება იმ რესპუბლიკელთა რიცხვი, ვინც 6 იანვრის მოვლენებში ტრამპს დამნაშავედ მიიჩნევსკომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატმა ბენი ტომპსონმა ყოფილი პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა, ხალხის კაპიტოლიუმზე საიერიშოდ გაშვების გამო და ამერიკის დემოკრატიული სისტემისადმი რწმენის შერყევისთვის. "თუკი რწმენა დაიმსხვრა, იგივე ელის ჩვენს დემოკრატიას. დონალდ ტრამპმა რწმენა დაამსხვრია" - განაცხადა კონგრესმენმა ტომპსონმა კომიტეტის მუშაობის დასრულების შემდეგ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესსკპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა. ჯერჯერობით კომენტარს არც დონალდ ტრამპის პრესსპიკერი აკეთებს. ყოფილი პრეზიდენტი კომიტეტის მუშაობას აქამდე ხშირად აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ის მიკერძოებულია, მხოლოდ დემოკრატებისგან და იმ ორი რესპუბლიკელისგან შედგება, ვინც ხმა მის იმპიჩმენტს მისცა. თუმცა, საქმეში თავად ტრამპის თანამშრომლების და თანაპარტიელების მიერ წარდგენილი ბევრი ახალი მტკიცებულებაა.
6 იანვრის მოვლენები
2021 წლის 6 იანვარს, არჩევნებზე დამარცხებული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებით, ვაშინგტონში მისი მხარდამჭერების მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. პრეზიდენტმა შეკრებილებს საკუთარი უფლებების დასაცავად "ჯოჯოხეთური ბრძოლისკენ" მოუწოდა. ამის შემდეგ ტრამპის მომხრეები თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შტურმით შეიჭრნენ კონგრესის სხდომაზე, რათა ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების ფორმალური პროცესი ჩაეშალათ.
ამბოხებულებმა კონგრესის შენობა დაარბიეს და კანონმდებლებს თავშესაფარში დამალვა აიძულეს. მომხდარ ძალადობას რამდენიმე ადამიანი შეეწირა და ბევრი დაშავდა, რომელთა შორის 100-ზე მეტი პოლიციელია. დარბევის შედეგად, გარდაიცვალა 5 ადამიანი, დააკავეს ასობით ეჭვმიტანილი, ბევრი გაასამართლეს. ვაშინგტონის მერს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწია და საჭირო გახდა ეროვნული გვარდიის წევრების მობილიზება.
კაპიტოლიუმის დემონსტრანტებისგან გაწმენდის შემდეგ, კონგრესის წევრები ისევ შეიკრიბნენ და მათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვება მოგვიანებით, 7 იანვარს დაამტკიცეს. ტრამპი აღარ დაესწრო 20 იანვარს გამართულ ბაიდენის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას და თვეების მანძილზე დაბეჯითებით აცხადებდა, რომ არჩევნები მის საწინააღმდეგოდ გაყალბდა.