ტრამპი ნიუ-იორკის გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მისი ოჯახის ბიზნეს-საქმიანობაზე კრიმინალური გამოძიების დაწყების გამო, ნიუ-იორკის მთავარი პროკურორი მკაცრად გააკრიტიკა და ამბობს, რომ მას “თავს უსამართლოდ დაესხნენ და შეუსაბამოდ მოექცნენ.”

ტრამპმა თავის განცხადებაში თქვა: “არაფერია იმაზე უფრო კორუფციული, ვიდრე გამოძიება, რომელიც სასოწარკვეთით ცდილობს დანაშაული მოძებნოს.” პრეზიდენტმა იქვე დაამატა: ჩვენ “სამართლებრივი დევნის ნებისმიერ მცდელობას დავძლევთ”.

ასევე ნახეთ: ნიუ-იორკში ტრამპის ბიზნესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება იწყება

ნიუ-იორკის მთავარი პროკურორის, ლატიშა ჯეიმსის ოფისმა განაცხადა, რომ გამოძიება მხოლოდ სამოქალაქო საკითხებით აღარ შემოიფარგლება. პროკურატურა იძიებს, ქალაქ ნიუ-იორკში ბაზირებულმა ტრამპის ორგანიზაციამ ხომ არ გააყალბა აქტივების ღირებულება, რათა სესხები მიეღო და ეკონომიკური და საგადასახადო სარგებელი ენახა.

რესპუბლიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და თქვა: “ნიუ-იორკის მთავარმა პროკურორმა საარჩევნო კამპანიის დაპირებად დონალდ ტრამპის სამართლებრივი დევნა წამოაყენა უკვე მანამდე, სანამ ჩემს შესახებ რამე ეცოდინებოდა”. ლატიშა ჯეიმსი დემოკრატია.