ტრამპი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

ამერიკის ყოფილი პრზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა პირველ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. ტრამპის თქმით, ის გამოკითხვებში ისედაც დიდი უპირატესობით სარგებლობს და ის ამომრჩევლისთვის უკვე კარგადაა ნაცნობი.

დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში მიანიშნებდა, რომ სავარაუდოდ, მილუაკიში, ვისკონსინში დანიშნულ დებატებს გამოტოვებდა, რათა არ მიეცა თავისი რესპუბლიკელი მეტოქეებისთვის მასზე თავდასხმის საშუალება.

ტელეკომპანია CBS-ის გამოკითხვის მიხედვით, ტრამპი სხვა კანდიდატებს ურჩევნია გამოკითხულ რესპუბლიკელთა 62 %-ს, ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს კი რესპუბლიკელების 16 % უჭერს მხარს. სხვა კანდიდატებს 10 %-ზე ნაკლები უჭერს მხარს.

"საზოგადოებამ იცის ვინ ვარ მე და რამდენად წარმატებული პრეზიდენტობა მქონდა. ამიტომ მე დებატებში არ ჩავერთვები", - დაწერა ტრაამპმა სოციალურ ქსელ "სიმართლეში".

ასევე ნახეთ: როგორ დაიცავს თავს ტრამპი ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებისგან?

ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მმართველი გუნდი ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს იმაზე, გამოტოვებს თუ არა დონალდ ტრამპი ყველა სხვა დებატებსაც. გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა "ფოქს ნიუსის" ყოფილ წამყვანს ტაკერ კაარლსონს და რომ ეს ინტერვიუ, სავარააუდოდ, ოთხშაბათს გაამოქვეყნდება. ჯერ უცნობია რა პლატფორმაზე გამოქვეყნდება ინტერვიუ.

ის, რომ დონალდ ტრამპი დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს, სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ სხვა კანდიდატების თავდასხმის ობიექტი შედარებით უფრო პოპულარული რონ დესანტისი გახდება. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ეცდებიან ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ სწორედ მათ შეუძლიათ იყვნენ ტრამპის რეალური ალტერნატივა. კანდიდატები ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას, რის შემდეგაც, 2024 წლის არჩევნებში მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის დამარცხებას ეცდებიან.

რესპუბლიკელ ლიდერთა უმეტესობა ერიდება საჯაროდ პრეზიდენტის ქმედებების დაგმობას. თუმცა ცნობილმა რესპუბლიკელმა სენატორმა ბილ კასიდიმ კვირას თქვა, რომ ტრამპი 2024 წლის არჩევნებს უნდა გამოეთიშოს და წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან მას მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, დამარცხება არ შეეძლება. კასიფი ერთ-ერთია იმ 7 რესპუბლიკელ სენატორს შორის, ვინც 2021 წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. რაც შეეხება უკანასკნელ ბრალდებებს, კასიდი ამბობს, რომ ამერიკელი ამომრჩეველი პრეზიდენტად დანაშაულში ბრალდებულს არ აირჩევს.

ასევე ნახეთ: ტრამპის ყველა ბრალი ჯამურად 641 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ერთ-ერთ უკანასკნელ გამოკითხვაში, რომელიც "როიტერს"-"იპსოსის" მიერ ჩატარდა, ტრამპს ქვეყნის მასშტაბით რესპუბლიკელებში 47 % უჭერს მხარს, დესანტისს კი ივლისის შემდეგ 6 %-ით უფრო ნაკლები, 13 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დებატებში მონაწილე ყველა სხვა კანდიდატს მხოლოდ ერთნიშნა რეიტინგი აქვს.

პარალელურად კი დონალდ ტრამპს რამდენიმე სასამართლოს წინაშე უწევს თავის მართლება. ჯორჯიის სასამართლომ მას გამოსაცხადებლად ვადა პარასკევამდე მისცა. ეს მას შემდეგ, რაც გასული კვირის დასაწყისში, მას სისხლის სამართლის მეოთხე ბრალი წაუყენეს.