ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებათა ფოკუსში საზღვრის უსაფრთხოება, თავშესაფრის შეზღუდვა და დეპორტაციაა

აშშ-ის პრეზიდენტი ხელს აწერს აღმასრულებელ განკარგულებას. ვაშინგტონი, აშშ. 20 იანვარი, 2025 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეორე ვადის პირველივე დღეს რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც იმიგრაციასა და საზღვრის უსაფრთხოებას ეხება. მათი ხელმოწერა 20 იანვარს, ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მოხდა.

ბრძანებულებათა ამ ჯგუფს ადმინისტრაციის ოფიციალური პირები უწოდებენ "საღი აზრის მქონე საიმიგრაციო პოლიტიკას". ბევრ სხვა ზომასთან ერთად, ბრძანებები გულისხმობს ამერიკის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, იქ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განლაგებას, სასაზღვრო კედლის მშენებლობას, თავშესაფრის პროგრამების დასრულებას და ამერიკაში დაბადებული ზოგიერთი ბავშვისთვის მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევას.

ასევე ნახეთ: პრეზიდენტ ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლის მთავარი აქცენტები

ცოტა ხნით ადრე, ინაუგურაციის შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც ულიმიტო დაფინანსება გასცა სხვისი საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარი თქვა ამერიკის საზღვრების და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი ხალხის დაცვაზე".

ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა, რომელიც მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, მექსიკასთან საზღვარზე შექმნილ ვითარებას "ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კრიზისი" უწოდა. მისი თქმით, „პრეზიდენტი ტრამპი არჩეულ იქნა მტკიცე მანდატით, რათა შეასრულოს ის დაპირებები, რომლებიც მან კამპანიის მსვლელობისას დადო, რაც მოიცავს მის დაპირებას სამხრეთ საზღვრის დაცვისა და ისტორიაში მიგრანტი დამნაშავეების ყველაზე დიდი დეპორტაციის განხორციელების თაობაზე", - თქვა თეთრი სახლის მომავალმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

Your browser doesn’t support HTML5

ტრამპის მიმართვის მთავარი აქცენტები