რომნი ტრამპის წინააღმდეგ

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მიტ რომნი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა გასულ შუალედურ არჩევნებში პირველად მოიპოვა სენატში მანდატი.

„ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რომნი ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მისი პრეზიდენტობის ორი წლის მანძილზე ვერ გახდა „პრეზიდენტის მანტიისთვის შესაფერისი".

„პრეზიდენტი ქვეყნის საჯარო ხასიათს დიდწილად განსაზღვრავს“, - წერს რომნი. „პრეზიდენტმა ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს და სტიმული მოგვცეს, რომ ჩვენს ‘უკეთეს მხარეს’ გავყვეთ. პრეზიდენტმა უნდა აჩვენოს ისეთი საჭირო თვისებები, როგორიცაა პატიოსნება და ერთგულება“, - ამბობს რომნი სტატიაში. „და სწორედ ამ ნაწილში მოქმედი პრეზიდენტის ნაკლოვანებები ყველაზე თვალსაჩინოა“, - აჯამებს ის.

დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ კრიტიკას ყოველთვის პასუხობს, და პრეზიდენტი არც ამ შემთხვევაში მოქცეულა განსხვავებულად.

„აი მიტ რომნიც, თან ასე მალე! კითხვა იმაშია, ფლეიკივით მოიქცევა? იმედია არა“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. ის სენატორ ჯეფ ფლეიკზე საუბრობდა, რომელმაც გასულ წელს უარი განაცხადა სენატის არჩევნებში ხელახლა მიეღო მონაწილეობა.

„მე ვარჩევდი, მიტ რომნის სასაზღვრო უსაფრთხოებაზე გაემახვილებინა ყურადღება და სხვა საკითხებზე, რაშიც მას დახმარება შეუძლია“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“. „მე დიდი უპირატესობით გავიმარჯვე და მან ვერა. მას უნდა მას უხაროდეს ყველა რესპუბლიკელის წარმატება, იყოს გუნდური მოთამაშე და გაიმარჯვოს“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

რომნის პრეზიდენტზე თავდასხმამ რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის რონა რომნი მაკდანიელის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. მაკდანიელი სენატორის დისშვილია.

მისი თქმით, ტრამპს ყოველდღიურად თავს ესხმის წამყვანი მედია და დემოკრატები. „სენატის მომავალი ახალი წევრისგან პირველ ნაბიჯად დონალდ ტრამპზე თავდასხმა დემოკრატებს და მედიას ხელს აძლევს და სამწუხარო და არაპროდუქტიულია“, - განაცხადა მან.

ტრამპსა და რომნის უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ტკბილ-მწარე ურთიერთობა აქვთ.

2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, რომნიმ ტრამპს „ყალბი“ და „მატყუარა“ უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპი გუნდის ჩამოყალიბებისას, რომნის ერთერთ წამყვან პოზიციაზე დანიშვნას განიხილავდა. საბოლოოდ ტრამპმა არჩევანი რექს ტილერსონზე შეაჩერა. თუმცა, მოგვიანებით მხარი დაუჭირა რომნის კანდიდატურას იუტის შტატის სენატორობისთვის.

2012 წელს, რომნი საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

„მე მხარს დავუჭერ პოლიტიკას რომელიც მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩემი შტატისთვის საუკეთესოა და წინააღმდეგი ვიქნები მათი, რომელიც არაა“, - თქვა მან.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ ის წავა იმ განცხადებების ან ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის საზიანო, არის "რასისტული, ანტი-საიმიგრაციო, არაკეთილსინდისიერი თუ დესტრუქციული".