ტრამპმა გენერალური პროკურორი როჯერ სტოუნის საქმეში ჩარევისთვის შეაქო

დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი უილიამ ბარი შეაქო პოლიტიკური კორუფციის საქმეში ჩარევის გამო, რომელიც მისი ნდობით აღჭურვილი პირის, როჯერ სტოუნის წინააღმდეგ იყო აღძრული. მას შემდეგ, რაც საქმის პროკურორებმა მისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის რეკომენდაცია წარადგინეს, გენერალურმა პროკურორმა სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა.

პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა: „გენერალურ პროკურორ ბილ ბარს ვულოცავ იმ საქმეზე კონტროლის საკუთარ თავზე აღებას, რომელიც სრულიად უკონტროლო იყო და ალბათ არც არასდროს უნდა აღძრულიყო“.

ოთხი პროკურორი, რომლებმაც 67 წლის სტოუნის წინააღმდეგ შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს, ბარის ჩარევის შემდეგ, ბოლო დღეებში საკუთარი ნებით გადადგნენ. სტოუნი შვიდი ბრალდებით ცნეს დამნაშავედ, მათ შორის იყო კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემა, მოწმეზე ზემოქმედება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა. ყველა ბრალდება საგანგებო პროკურორის მიერ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებიდან წარმოიშვა.

პროკურორების მიერ სასჯელის რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ, იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ სტოუნის წინააღმდეგ შეთავაზებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. სასამართლოში შეტანილ ახალ შუამდგომლობაში, მთავრობა აცხადებს, რომ ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა „შეიძლება გადამეტებულად და არასაჭიროდ ჩაითვალოს“, თუმცა შესაფერისი სასჯელის გამოტანის გადაწყვეტილების უფლებას, საქმეზე დანიშნულ მოსამართლეს უტოვებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა სასჯელის თავდაპირველი რეკომენდაცია შეადარა 2018 წელს მისჯილ ორთვიან პატიმრობას, რომელიც სენატის დაზვერვის კომიტეტის კანცელარიის თანამშრომელს მიუსაჯეს. მას ბრალად გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის, მედიასთან მისი კონტაქტების შესახებ, ცრუ ჩვენების მიცემა ედებოდა.

უფრო ხანმოკლე სასჯელის რეკომენდაციამ, პოლიტიკურად დაძაბულ ვაშინგტონში უმალვე წარმოშვა კითხვები იუსტიციის დეპარტამენტზე ტრამპის გავლენის შესახებ.

სენატორმა ჩაკ შუმერმა, იუსტიციის დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორ მაიკლ ჰოროვიცს, დაუყოვნებლივ გაუგზავნა ოფიციალური წერილი გამოძიების დაწყების მოთხოვნით.