თეთრის სახლის პრეს-სპიკერი სარა ჰაკაბი სანდერსი ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს თეთრ სახლში შეხვედრა შესთავაზა. შეთავაზება მან 20 მარტს რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას გაახმოვანა. მხარეები აცხადებენ, რომ შეხვედრის ზუსტი დრო ჯერ არ აქვთ.
სანდერს დამატებითი ინფორმაცია პრესისთვის არ მიუწოდებია. „ჩვენ მეტს ვერაფერს ვიტყვით“, განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის ყურადღების ცენტრშია, რომელიც ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის კავშირებს იძიებს. ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ პუტინი შეეცადა 2016 წლის ამერიკის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ტრამპი რუსეთთან გარიგებას უარყოფს.
20 მარტის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. შეერთებულმა შტატებმა 60 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან და დახურა რუსეთის საკონსულო სიეტლში. ეს მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, მოსკოვმა ყოფილი ორმაგი აგენტის ნერვული გაზით მოწამვლა ბრიტანეთის ტერიტორიაზე სცადა.