გუბერნატორებთან საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა ძალადობა "რადიკალ მემარცხენეებს" დააბრალა

თეთრი სახლი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს შტატებს მოუწოდა ძალადობრივი პროტესტები აღკვეთონ, რომლებმაც ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყველა დიდი ამერიკული ქალაქი მოიცვა. პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხდეს ოფიციალური პირების მიერ „კონტროლი,“ რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად, ადამიანების დაკავება უნდა დაიწყოს.

„თქვენ უნდა [მოახდინოთ] დომინირება,“ უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა გუბერნატორებს, რომლებსაც ის ტელეფონით ესაუბრა. ზარის დეტალების შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება. „თუ დომინირებას [არ მოახდენთ] ისინი თქვენს დროს გაფლანგავენ - ზედ გადაგივლიან და სულელებივით გამოჩნდებით.“

მინეაპოლისი, მინესოტას შტატი

CBS News-მა გუბერნატორებთან ზარის აუდიო ჩანაწერიც მოიპოვა, სადაც ტრამპი ძალადობას „რადიკალურ მემარცხენეებს“ უკავშირებს.

ამერიკის მასშტაბით ათობით ქალაქში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები 23 შტატში და ქალაქ ვაშინგტონშია გაგზავნილი.

უქმეებზე ამერიკის ბევრ ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. შეერთებული შტატების მოქალაქეებს ბევრგან საღამოს და ღამის საათებში შინიდან გასვლა ეკრძალებათ. დღეისთვის საგანგებო ვითარება 20 შტატის 40-მდე ქალაქშია გამოცხადებული, სადაც რასიზმის და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციებმა, თავადაც ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

ასევე ნახეთ: ტრამპი ეროვნული გვარდიის მუშაობას აქებს, "ანტიფას" წევრებს კი ტერორისტებად აცხადებს


ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

ასევე ნახეთ: მინეაპოლისში მიმდინარე სამოქალაქო არეულობის ფონზე, ინციდენტში მონაწილე პოლიციელს ბრალი წაუყენეს


პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.