ტრამპი და ობამა წინასაარჩევნო შეხვედრებზე კვლავ ქარავანზე საუბრობენ

ცენტრალური ამერიკიდან შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა მიგრანტებმა გუშინ კენჭისყრით გადაწყვიტეს ორშაბათს მეხიკომდე გზა განაგრძონ. მათ უმოკლესი გზა შეარჩიეს. ქალაქ კორდობადან მეხიკომდე 280 კილომეტრია გასავლელი.

შტატი ვერაკრუზი, რომელშიც ეს ქალაქი მდებარეობს, დიდი ხანია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საშიში ადგილი მიგრანტებისთვის. იქ მათ ხშირად იტაცებენ. 4000-მდე მიგრანტი კი ჯერ კიდევ ვერაკრუზში იმყოფება. ამერიკის საზღვრამდე კვლავ ასეულობით კილომეტრია დარჩენილი.

ხვალ შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები იმართება. ქარავანი ორივე პარტიის საარჩევნო კამპანიის მთავარ ნაწილად იქცა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს მათ უკან გაბრუნდნენ და ამბობს, რომ "ისინი საზღვარს ვერ გადმოკვეთენ, თუკი შესაბამის პროცესს არ გაივლიან". მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქარავანი "სავსეა კრიმინალებით". მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა უმეტესობა, რომლებიც ქარავანთან ერთად გადიან შტატებისკენ გზას, ამბობს, რომ იქ ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. ქარავნის შესახებ ისაუბრა ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამაც და თქვა, რომ არ არის მართებული ამ ადამიანების კრიმინალებად და ამერიკისთვის "საფრთხედ" წარმოჩენა.