ტრამპი ობამას შეხვდა

მელანია და დონალდ ტრამპები

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას შეხვდა. ორმა ლიდერმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს და საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს.

რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, არჩევნებში ჰილარი კლინტონი დაამარცხა. თეთრი სახლი და ამერიკა ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის ემზადება. ტრამპი ოფისს 20 იანვარს დაიკავებს. მისმა მოწინააღმდეგემ ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ ის იღებს არჩევნების შედეგებს.

„ეს არ არის შედეგი, რომლისთვისაც ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ან შედეგი რომელიც ჩვენ გვსურდა... თუმცა მე ვაფასებ იმ კამპანიას, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ“, - განაცხადა კლინტონმა.

ობამას თქმით, თეთრი სახლი მუშაობს იმაზე, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ყველაფერი მზად იყოს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. პრეზიდენტი ობამა, კამპანიის განმავლობაში ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს და მას საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ეხმარებოდა. ობამას განცხადებით, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ მას და მომავალ პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ბევრ საკითხზე.

„არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მომავალ პრეზიდენტს და მე ბევრ საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციები გვაქვს, თუმცა პრეზიდენტ ბუშს და მეც ძალზედ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა“, - აღნიშნა ობამამ.