დონალდ ტრამპის არჩევანი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე, ჯონ რეტკლიფი პრეზიდენტის ერთგული მხარდამჭერია. რეტკლიფი მესამე ვადით არჩეული კონგრესმენია ტეხასიდან. მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ პრეზიდენტის მიერ მისი ნომინაციისთვის „ძალზედ მადლობელია“. რეტკლიფი დაზღვერვის ახლანდელ დირექტორს, დენ ქოუთს ჩაანაცვლებს.
რეტკლიფი წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის და იურიდიული კომიტეტების მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა. ის პრეზიდენტის პოზიციას ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე იზიარებდა, ბრეტ კავანას უზენაეს სასამართლოში დანიშვნიდან დაწყებული, საიმიგრაციო პოლიტიკით დამთავრებული. ამასთან, ის სპეციალური პროკურორის რობერტ მალერის რუსეთის გამოძიებას ღიად აკრიტიკებდა
მას შემდეგ, რაც ტრამპი აირჩიეს, რეტკლიფმა შემთხვევების 92 პროცენტში, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის პოზიციის მიხედვით მისცა ხმა. მისი ოლქი შეერთებულ შტატებში ერთი-ერთი ყველაზე რესპუბლიკურად განწყობილია. იქ 2016 წლის არჩევნებზე, მოსახლეობის 75 პროცენტმა ტრამპს მისცა ხმა.
რეტკლიფის ნომინაციამ მისი ფიგურისადმი ინტერესი გააღვივა. მას შემდეგ, რაც მას ტეხასის მერის თანამდებობა ეკავა, რეტკლიფი იურისტად და ფედერალურ პროკურორად მუშაობდა. იუსტიციის დეპარტამენტში სამსახურისას, მისი ოფისი ჩართული იყო ტეხასში რამდენიმე წარმატებულ საიმიგრაციო რეიდებში და ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ტერორისტული დაჯგუფებისათვის ფულადი ტრანზაქციების საქმეზე მუშაობდა.
რეტკლიფმა რამდენჯერმე გამოჰყო ეს საქმე, როგორც მისი დამსახურება, თუმცა ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ ცნობით, მან საკუთარი როლი არასწორად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ის აცხადებდა, რომ მას ამ საქმეში სპეციალური პროკურორის როლი ჰქონდა, სასამართლოს ჩანაწერები ამას არ აჩვენებს და ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საქმეში, მას ვერ იხსენებენ. რეტკლიფის ოფისმა განაცხადა, რომ ის პირველი სასამართლოს დროს იძიებდა საკითხებს.
მალერის მოსმენა
გასულ კვირას, როდესაც სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი კონგრესის წინაშე წარსდგა, რეტკლიფმა ის მკაცრად გააკრიტიკა.
„თქვენ 180 გვერდი დაწერეთ, 180 გვერდი გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ იქნა მიღებული, პოტენციურ დანაშაულზე, რომელშიც გადაწყვეტილება არ მიგიღიათ და ბრალი არ წარგიდგენიათ“, -უთხრა მან მალერს. „ამით თქვენ მოახერხეთ დაგერღვიათ ყველა პრინციპი, რომ პროკურორები არ გასცემენ დამატებით ბრალდებას შესაძლო დანაშაულზე, რომელზეც ბრალს არ წარადგენენ“, - თქვა მან.
რეტკილფმა განაცხადა, რომ მალერის გამოძიების დასკვნის მეორე ნაწილი, კანონის გათვალისწინებით არ უნდა დაწერილიყო. ამ კომენტარმა, მალერის მოსმენაზე რეტკლიფის სახელი წინ წამოწია.
დაზვერვის დირექტორები
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ რეტკლიფს ბევრად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს, ვიდრე მის წინამორბედებს. ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობა 2004 წელს შეიქმნა და მათ, ვისაც ეს თანამდებობა ეკავა, ათწლეულების გამოცდილება ჰქონდათ სადაზვერვო, სამხედრო ან საგარეო უწყებებში.
ჯეიმს კლაპერს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას არჩევანი იყო, თანამდებობის დაკავებამდე, სხვადასხვა დროს, აშშ-ის ორი სადაზვერვო სააგენტო ებარა, ჯეიმს მაკკონელს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის მიერ იყო ნომინირებული, თანამდებობის დაკავებამდე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ებარა, ხოლო ჯონ ნეგროპონტეს, პირველ დირექტორს, ელჩობის15 წლიანი გამოცდილება ჰქონდა და ორჯერ იყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე.
დენ ქოუთს კი ორწლიანი სამხედრო, რვაწლიანი სენატორობის და ოთხწლიანი ელჩობის გამოცდილება ჰქონდა.
თუ სენატი რეტკლიფს დაამტკიცებს, ის 17 სადაზვერვო სააგენტოს უხელმძღვანელებს, რომლებიც ეროვნული სადაზვერვო პროგრამის ნაწილია და ამას გარდა, პრეზიდენტ ტრამპს და აღმასრულებელი ხელსუფლების ქვეშ არსებულ ორ სააგენტოს რჩევებს მისცემს. ეროვნული დაზვერვის დირექტორს ბრძანებების გაცემა არ შეუძლია. ის ქვეყნის სადაზვერვო პროგრამის კოორდინაციას ახდენს.
სენატის სადაზვერვო კომიტეტი რეტკლიფის კანდიდატურას, ნომინაციის მიღების შემდეგ განიხილავს.
დენ ქოუთსი გასულ კვირას გადადგა და გადაწვეტილება ძალაში 15 აგვისტოს შევა. ორი წლის განმავლობაში, ქოუთსი პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე საკითხზე წავიდა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის, ირანის და სირიის საკითხებზე.