ტრამპი ჟურნალ "თაიმის" წლის პიროვნებად დასახელდა

მას შემდეგ რაც ჟურნალმა „თაიმ“ წლის პიროვნებად მეორედ აღიარა, არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამხსნელი ზარი დარეკა.

პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის მიმართ პატივისცემის გამოხატვა იყო ის საზომი, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტის შესანიშნავი დაბრუნება შეფასდა. პრეზიდენტის, რომელმაც ოთხი წლის წინ თავისი დამარცხება არ მიიღო, ნოემბრის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა და თეთრ სახლში ბრუნდება.

9:30 წუთზე გამხსნელი ზარის დარეკვამდე, რაც ტრამპისთვის პირველი იყო, მან ბირჟას მიმართა და ამას „უზარმაზარი პატივი“ უწოდა.

ასევე ნახეთ: თანამდებობის დაკავებამდე ტრამპს ფედერალური ბრალდებები მოეხსნა

მან ისაუბრა ზოგიერთ ადამიანზე, რომელიც თავისი მომავალი ადმინისტრაციისთვის შეარჩია, მათ შორის ხაზინის მდივნობის კანდიდატ სკოტ ბესენტზე და ზოგიერთ გაცხადებულ პოლიტიკაზე, მათ შორის ამ კვირაში გაჟღერებულ დაპირებაზე, რომ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტებისთვის და მშენებლობებისთვის, ფედერალური მთავრობა დაჩქარებულ ნებართვებს, მათ შორის გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ვიზირებებს გასცემს.

ჟურნალ „თაიმის“ მთავარმა რედაქტორმა სემ ჯეიკობსმა „ენ ბი სი“ ტელეარხზე გამოაცხადა, რომ ტრამპი 2024 წლის პიროვნება იყო. ჯეიკობსმა თქვა, რომ ტრამპი იყო პიროვნება, რომელმაც „დადებითი იყო თუ უარყოფითი, 2024 წელს ახალი ამბების ნაკადზე ყველაზე მეტი გავლენა მოახდინა“. მან იქვე დაამატა, რომ ჟურნალში „ყოველთვის ცხარე კამათია“ პატივის მიგებაზე, „თუმცა უნდა ვაღიარო, რომ წელს გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იყო, ვიდრე წინა წლებში“, თქვა ჯეიკობსმა.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ცნობილ პირებს და ბიზნესის ლიდერებს მუდმივად პატიჟებს, რათა 9:30-ზე ბირჟის საქმიანობის დაწყების ცერემონიაში მიიღონ მონაწილეობა.