უოლცი: ტრამპი "უკიდურესად შეშფოთებულია" რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციით

მაიკლ უოლცი რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე, მილუაკი, უისკონსინი, 17 ივლისი, 2024 წ.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "უკიდურესად შეშფოთებულია" განსხვავებული ტიპის იარაღის გამოყენების ესკალაციის გამო, უკრაინასთან რუსეთის თითქმის სამწლიანი ომის პირობებში - ამბობს ეროვნული უშიშროების მრჩევლის პოსტზე, დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული მაიკლ უოლცი.

უოლცი ფლორიდელი კონგრესმენია, რომელმაც კვირას ტელეკომპანია "ფოქსს" უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლების მიცემის თაობაზე, უკრაინის აღმოსავლეთში ომს, პირველი მსოფლიო ომის მსგავს, სანგრებში მიმდინარე ბრძოლას ამსგავსებს.

უოლცმა თქვა, რომ გადაწყვეტილება "ამ კონფლიქტის დასასრულებლად, უფრო ფართო ჩარჩო-მიდგომის ფარგლებში უნდა იყოს მიღებული".

"ეს ადამიანებისა და ამ ფრონტზე პერსონალის ხორცსაკეპი მანქანაა", - თქვა მან.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასულ კვირას თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უგზავნის ქვეითების საწინააღმდეგო ნაღმებს და ამის უმთავრეს მიზეზად, აღმოსავლეთ უკრაინაში, ამჟამად ბრძოლის მთავარ ველზე, კონფლიქტის ცვალებადი მახასიათებლები დაასახელა.

Your browser doesn’t support HTML5

ცხოვრება ომში

ოსტინი ამბობს, რომ მოსკოვის დაწინაურება ამ ფრონტზე, დიდწილად, სწორედ სახმელეთო, ქვეითი ძალების გამოყენებით ხდება, ვიდრე - ჯავშანტექნიკაში გამაგრებული ძალებით. უკრაინას კი, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად სჭირდება [რუსეთის] ამ ძალისხმევის შენელება.

უოლცმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი შეშფოთებულია ამ "ხოცვა-ჟლეტით", მაგრამ სრულ, ფართო სურათში, უმთავრესი შეკითხვა ის უნდა იყოს: "როგორ აღვადგენთ შეკავებას (შეკავების პოლიტიკას) და როგორ დავამყარებთ მშვიდობას?"

"ჩვენ, ეს პასუხისმგებლიან დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ", - დასძინა მან.

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში რამდენჯერმე თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ინაუგურაციის დღემდე დაასრულებდა რუსეთ-უკრაინის ომს. თუმცა, არჩეულ პრეზიდენტს არ წარმოუდგენია კონკრეტული ხედვა, როგორი იქნება მისი მიდგომა ამ ომის დასამთავრებლად. სექტემბერში გამართულ საპრეზიდენტო დებატებზე, მან არ უპასუხა შეკითხვას, სურს თუ არა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს.

ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს, რუსეთის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ, 10 000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედროს გამოყენების თაობაზე. რუსეთმა კი, ქალაქ დნიპროს მიმართულებით, ექსპერიმენტული რაკეტა გამოიყენა. უოლცმა თქვა, რომ უკრაინის მიერ ამერიკული შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენება მკაფიო ესკალაციაა და მნიშვნელოვანი კითხვა ისაა, როგორ უნდა მოხერხდეს ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა.

ასევე ნახეთ: სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ნავთობს იღებს - ბრიტანელი ანალიტიკოსები

უოლცი, რომლის პოსტზე დამტკიცებასაც სენატის თანხმობა არ სჭირდება, ამბობს, რომ უკვე შეხვდა ბაიდენის ადმინისტრაციაში ამავე პოზიციაზე მყოფ ჯეიკ სალივანს. დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ამბობს, რომ ამერიკის ნებისმიერი მოწინააღმდეგე ცდება, თუკი მას ჰგონია, რომ ძალაუფლების გადაცემისას "რომელიმე მხარეს, მეორე მხარის წინააღმდეგ ითამაშებს" და ამ პროცესს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.