თავდასხმა ბაიდენზე და მინიშნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე - ასეთი იყო დონალდ ტრამპის, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, პირველი საჯარო მიმართვის მთავარი აქცენტები. კვირას, თეთრი სახლის დატოვებიდან, დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ტრამპმა ფლორიდის შტატში შეკრებილ თანაპარტიელებს მიმართა.
ორლანდოში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე მან პირობა დადო, რომ დაეხმარება რესპუბლიკელებს კონგრესში უმრავლესობის მოპოვებაში და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატები "მესამედაც" დაამარცხოს. ტრამპი მეორე გამარჯვებაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობს, რომელზეც ის დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა. თუმცა, ექსპრეზიდენტი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დღემდე აცხადებს, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გაყალბდა.
ასევე ნახეთ: ტრამპის მხარდამჭერებს კაპიტოლიუმი აფეთქების სურვილი აქვთ - შიდა ტერორიზმის საქმედონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 4-წლიანი ვადის დასასრულს გამართულ არჩევნებზე, რესპუბლიკელებმა სენატზე კონტროლი დაკარგეს და უმრავლესობა ვერც წარმომადგენელთა პალატაში მოიპოვეს. დღეს თეთრ სახლს, სენატს და წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაკავშირებით, ტრამპი ამბობს, რომ მას თეთრ სახლში ჰქონდა "ყველაზე კატასტროფული პირველი თვე თანამედროვე ისტორიაში". ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "ბოლო ერთ მოკლე თვეში", ბევრი რამ შეიცვალა და "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ახლა გახდა "ამერიკა ყველაზე ბოლო".
საათნახევრიან მიმართვაში დონალდ ტრამპმა სათითაოდ ჩამოთვალა პარტიაში მისი ოპონენტი კანონმდებლები. მან სახელებით და გვარებით დაასახელა ათივე რესპუბლიკელი, ვინც ტრამპის იმპიჩმენტს მისცა ხმა და პირობა დადო, რომ შიდაპარტიულ არჩევნებზე მხარს მათ ოპონენტებს დაუჭერს. "ყველა მოიცილეთ" - ასე მოუწოდა მან თანაპარტიელებს. ჩამოთვლილებს შორის იყვნენ სენატორები მიტ რომნი, თუ პეტ ტუმეი, ასევე - წარმომადგენელთა პალატის წევრები ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი.
ასევე ნახეთ: ამერიკელების უმეტესობას სჯერა, რომ ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ნაწილობრივ დამნაშავეაყოფილმა პრეზიდენტმა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოც გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ "არ ეყოთ გამბედაობა" განეხილათ 2020 წლის არჩევნების შედეგები. თუმცა, მას არაფერი უთქვამს ათეულობით მარცხზე, რომელიც მისმა საარჩევნო კამპანიამ, გაყალბების თაობაზე 60-მდე ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განიცადა.
"შენ გაიმარჯვე! შენ გაიმარჯვე" - ისმოდა შეძახილები დარბაზში მყოფი ტრამპის მხარდამჭერებისგან. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენმა 7 მილიონი ამომრჩევლის ხმით და საარჩევნო კოლეგიის გადამწყვეტი ხმების უპირატესობით მოიგო, 306-232-ზე შედეგით.