ამერიკის სამუშაო (H1-B) ვიზის აპლიკაციების რაოდენობა ამ წელს შემცირდა. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ იმ გაურკვევლობას უკავშირდება, რამაც ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკა მოიცვა. 2017 წელს, 3 აპრილის ჩათვლით 190,000 აპლიკაცია იქნა მიღებული, მაშინ როდესაც ორი წლის წინ ამავე პერიოდში ვიზაზე 233,000 ადამიანმა გააკეთა განაცხადი.
H1-B ტიპის ვიზა საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს ამერიკაში მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მუშახელი დაიქირავოს. ყოველწლიურად H1B-ის ტიპის ვიზისთვის 85,000 ადგილია გამოყოფილი, აქედან 65,000 ადგილზე ბაკალავრის ხარისხის მქონე კანდიდატებს განიხილავენ, ხოლო 20,000-ზე მხოლოდ მაგისტრის ხარისხის და მაგისტრატურის შემდგომი ხარისხის მქონე აპლიკანტებს.
სამშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა, აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც მან გაართულა ამერიკული კომპანიების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება H1-B პროგრამის ფარგლებში. პრეზიდენტმა ოთხ დეპარტამენტს დაავალა „რაც შეიძლება მალე“ მოამზადონ „რეფორმის ინიციატივა“ H1-B პროგრამისთვის.
„ეს ვიზა უნდა მიეცეთ მაღალი უნარების და ყველაზე მაღალ შემოსავლიან აპლიკანტებს და არ უნდა იყოს გამოყენებული ამერიკელი მუშახელის ჩასანაცვლებლად“ - განაცხადა ტრამპმა.