ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა დაიწყოს მზადება შეერთებული შტატების საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადასატანად.

„იერუსალიმი არის მსოფლიოს სამი უდიდესი რელიგიის ცენტრი, ის ასევე არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დემოკრატიის ცენტრი,“ აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. „უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში ისრაელელებმა ქვეყანა ააშენა, სადაც ებრაელები, მუსლიმები, ქრისტიანები და ყველა სხვა აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ და აგრძელებენ ღვთისმსახურებას,“ დასძინა მან.

ტრამპის თქმით, „ამერიკა გააგრძელებს დაუღალავ მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ორივე მხარისთვის - როგორც ისრაელისთვის ასევე პალესტინელებისთვის - მისაღები იქნება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიოთ.“

არაბული და სხვა მუსლიმური სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ამ სადავო გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, რეგიონში არსებული ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.

პალესტინელებმა „მრისხანების სამი დღე“ გამოაცხადეს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.

გადაწყვეტილებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. რომის პაპმა ფრანცისკემ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თურქეთმა კი „ისლამური თანამშომლობის ორგანიზაციის“ წევრთა შეკრება მოითხოვა საპასუხო ქმედების დასაგეგმად. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა თელავივიდან საელჩოს გადატანას არ აპირებს.

განცხადების გაკეთებამდე, პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ახლო აღმოსავლეთის 5 ქვეყნის ლიდერს და მათ გადაწყვეიტლების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის იყვნენ ისრაელის პრემიერი, პალესტინელთა ლიდერი, იორდანიის მეფე, ეგვიპტის პრეზიდენტი და საუდის არაბეთის მეფე.