9 აპრილს 100 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსი დააფიქსირა. პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია ჩინეთის მიმართ მიკერძოებულია და WHO-ს შეეძლო კრიზისის შესახებ მსოფლიოსთვის რამდენიმე თვით ადრე ეცნობებინა.
„არასწორად გათვალეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „მათ შეეძლოთ ამის აღმოჩენა თვეებით ადრე. მათ შეეძლოთ სცოდნოდათ და უნდა სცოდნოდათ. ალბათ იცოდნენ კიდეც, ამას ძალზედ ყურადღებით შევისწავლით“, - განაცხადა მან.
8 აპრილს, სახელმწიფო მდივანმა, პრეზიდენტთან ერთად გამოსვლისას თქვა, რომ ორგანიზაციამ „ვერ შეასრულა მისი მიზანი“ და რომ შეერთებული შტატები გადახედავს ორგანიზაციის დაფინანსების საკითხს.
შეერთებული შტატები ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია. 2020 წელს ამერიკამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 59 მილიონი დოლარი გამოუყო და სხვადასხვა პროგრამებს დამატებითი დაფინანსება გაუწია.
7 იანვარს, ჩინეთმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი ვირუსი გავრცელდა. ორი კვირის თავზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგანგებო შეხვედრა ჩაატარა, რომელზეც ორგანიზაციამ დაასკვნა რომ საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამოცხადება ნაადრევი იყო. ეს ნაბიჯი ორგანიზაციამ 30 იანვარს გადადგა.
11 მარტს WHO-მ კორონავირუსი, რომელიც მას შემდეგ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა, პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის თავზე პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.