დღეს ამერიკის პრეზიდენტმა თავისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც ტრამპი პრეზიდენტის რანგში ესტუმრა საუდის არაბეთია. თუმცა თეთრი სახლის ირგვლივ კვლავ ბევრი გაურკვევლობა. გაუმჟღავნა თუ არა ტრამპმა საიდუმლო ინფორმაცია რუს დიპლომატებს; გაათავისუფლა თუ არა მან გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რუსეთთან დაკავშირებული მოკვლევის შესაჩერებლად. პრეზიდენტის მიმართ ნდობა თანდათან იკლებს. დემოკრატები პასუხებს ითხოვენ, რესპუბლიკელები კი თავიანთ დღის წესრიგთან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ასე, რომ საერთაშორისო ვიზიტის პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამერიკელი კანონმდებლები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან.
"არც ერთ პოლიტიკოსს არ მოქცევიან იმაზე უსამართლოდ და იმაზე ცუდად, ვიდრე მე. ამაში დარწმუნებული ვარ. კრიტიკოსებსა და მოწინააღმდეგეებს მის უფლება არ უნდა მისცეთ, რომ დაგამარცხონ, რომ თქვენს ოცნებებს წინ აღუდგნენ”დონალდ ტრამპი
ჟურნალისტები პრეზიდენტისგან უკვე რამდენიმე დღეა, რაც პასუხების მიღებას ცდილობენ: გაუმხილა თუ არა მან საიდუმლო ინფორმაცია რუს დიპლომატებს.
ყოველი ახალი დღე ვაშინგტონში ახალი კრიზისით იწყება. ამჟამად განხილვების მთავარი თემა პრეზიდენტის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის გათავისუფლებაა, ცდილობდა თუ არა ტრამპი მასზე ზეწოლას იმისთვის, რომ კომის უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მაკლ ფლინის რუსეთთან კავშირების გამოძიება შეეწყვიტა. თეთრი სახლის განმარტებები კი არასაკმარისი და არასრულია.
ამ კვირაში კონეკტიკუტში, სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა მისალოცი სიტყვის წარმოთქმისას, პრეზიდენტმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა და მათ კვლავ უსამართლო კრიტიკოსები უწოდა.
"არც ერთ პოლიტიკოსს არ მოქცევიან იმაზე უსამართლოდ და იმაზე ცუდად, ვიდრე მე. ამაში დარწმუნებული ვარ. კრიტიკოსებსა და მოწინააღმდეგეებს მის უფლება არ უნდა მისცეთ, რომ დაგამარცხონ, რომ თქვენს ოცნებებს წინ აღუდგნენ” - განაცხადა პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის ირგვლივ კი შფოთვა არ წყდება. დემოკრატების ლიდერი სენატში ჩაკ შუმერი ამბობს, რომ ახლა მთავარი საკითხი პრეზიდენტის სანდოობაა:
„ნდობის კრიზისი - ასე ჰქვია ამ ადმინისტრაციის ახლანდელ მდგომარეობას, რაც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით დაგვაზარალებს. ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი და დასაზუსტებელი. პრობლემების სიის თავში კი არის სწორედ ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან ნდობის შემცირება ამერიკის პრეზიდენტისა და ზოგადად, ამერიკის მიმართ“ - ამბობს შუმერი.
კონგრესის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრი კი ცდილობს თეთრი სახლისგან მეტი ინფორმაცია მიიღოს, მათ შორისაა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანიც:
„ჩვენი ვალდებულებაა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას, ვიყოთ ფხიზლად და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ ფაქტების შეგროვებაზე".
თუმცა ამერიკელ კანონმდებლებს პასუხგაუცემელი კითხვები აშფოთებთ.
“კარგი იქნებოდა, თეთრი სახლის ირგვლივ ნაკლები დრამა ვითარდებოდეს“, - ამბობს უმრავლესობის ლიდერი სენატში მიჩ მკკონელი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს გაურკვევლობა მხოლოდ „შინ არ დარჩება“ და პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტზეც იქონიებს გავლენას.
„შეკითხვა, რომელიც შტატებს გარეთ ყველას უჩნდება, მაგრამ არავინ სვამს, არის ის, თუ რამდენად რეალური პოლიტიკური ძალა აქვს პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი პარტიის წევრებიც კი უპირისპირებიდან, მკვეთრადაა დაყოფილი საკანონმდებლო ხელისუფლებაც. შეუძლია თუ არა მას რეალურად საკუთარი პოლიტიკისა და დღის წესრიგის გატარება? " - მიაჩნია სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტს, ენტონი ქორდსმენს.
უფრო და უფრო მეტი რესპუბლიკელი წუხს იმაზე, რომ კრიზისს პრეზიდენტის პიროვნული თვისებები და მიდგომებიც ამწვავებს. ამავე აზრისაა რესბულიკელი სტრატეგი ჯონ ფიერი:
„ის დაგვპირდა სტატუს ქვოს შეცვლას, რაც პრინციპში გააკეთა კიდეც. მთავარი მტრად და მოწინააღმდეგედ მედიას მიიჩნევს. ეს შეიძლება პოპულარულია მისივე მხარდამჭერთა შორის, მაგრამ სხვების ნდობის მოპოვებაში ეს მას ნამდვილად ხელს უშლის“, - ფიქრობს ფიერი.
პრეზიდენტს თავისი სანდოობის დასამტკიცებლად ჯერ კიდევ რამდენიმე გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა ტრამპის მიერ გათავისუფლებული გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი სავარაუდოდ კონგრესის წინაშე წარდგება და საჯარო ჩვენებას მისცემს. ჯეიმს კომის პრეზიდენტთან არსებული უთანხმოების დეტალებზეც მოუწევს პასუხების გაცემა.