შეერთებული შტატების კონგრესისადმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი მიმართვა, უფრო მეტი მოზომილობით გამოირჩეოდა, ვიდრე ექვსი კვირის წინ გაჟღერებული საინაუგურაციო სიტყვა.
მან თქვა, რომ წვრილმანებზე ფიქრის დრო წავიდა და ფუჭი დაპირისპირებები წარსულს უნდა ჩაბარდეს.
თუმცა დაპირისპირება მაინც იქნა ნახსენები, განსაკუთრებით იმის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც პრეზიდენტმა „რადიკალური ისლამური ტერორიზმი“ უწოდა. რამდენიმე მედია ორგანიზაციის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების დარგში პრეზიდენტის მრჩეველმა, გენერალმა მაკმასტერმა და თეთრი სახლის ზოგიერთმა თანამშრომელმა ტრამპს ამ ფრაზის გამოყენების შეწყვეტა ურჩია.
პრეზიდენტმა, ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, 1 ტრილიონი დოლარის დახარჯვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კონგრესს სამხედრო ბიუჯეტის, ისტორიულად ყველაზე დიდ გაძლიერებას სთხოვს.