ორშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინადადებით გამოვიდა გაძლიერდეს ინტერნეტის ზედამხედველობა, გატარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა და უფრო ფართოდ იქნას გამოყენებული სიკვდილით დასჯა მასობრივი მკლელობების შემთხვევაში. ტრამპის განცხადება შეერთებულ შტატებში უქმეებზე განხორციელებულ ორ სხვადასხვა თავდასმას უკავშირდება, ტეხასსა და ოჰაიოში, რომელსაც 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„ფსიქიკური ავადმყოფობა და სიძულვილი გამოჰკრავს სასხლეტს და არა თავად იარაღი“, - თქვა მან.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გმობს რასიზმს და თეთრი რასის უპირატესობის იდეას. „ჩვენმა ქვეყანამ ერთ ხმაში უნდა დაგმოს რასიზმი, ფანატიზმი და თეთრი რასის უპირატესობა", - თქვა პრეზიდენტმა.
„ეს მავნე იდეოლოგიები უნდა იქნას დამარცხებული. სიძულვილს ამერიკაში არ აქვს ადგილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს არ უპასუხია ბრალდებებზე, რომ რასობრივ დაპირიპირებების გაღვივებაში როლი მისმა ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკამ და რიტორიკამ ითამაშა.
კვირას შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ქალაქ დეიტონში, ოჰაიოს შტატში, ხალხმრავალ და პოპულარულ ნაწილში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 27 ადამიანი. პოლიციამ თავდასხმელი ცეცხლის გახსნიდან ერთ წუთში ადგილზე გაანეიტრალა. თავდასხმის მოტივი უცნობია.
დეიტონში თავდასხმამდე 13 საათით ადრე, ტეხასის შტატში, სასაზღვრო ქალაქ ელ-პასოში სავაჭრო კომპლექს „ვოლმარტში“, თავდამსხმელმა საბრძოლო შაშხანიდან ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 20 ადამიანი და დაიჭრა 26. გამომძიებლები საქმეს იძიებენ, როგორც შესაძლო სიძულვილის დანაშაულს.