დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მდივნის პოსტზე რობერტ კენედი შეარჩია

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, განაცხადა, რომ რობერტ კენედის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნობის კანდიდატად ასახელებს.

მისი წარდგენისას, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დიდი ხანია, რაც ამერიკელებს აზარალებენ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები, ინდუსტრიები, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ და რომ კენედის ლიდერობით ჯანდაცვის დეპარტამენტი შეძლებს დაამარცხოს "ქრონიკული დაავადებების პანდემია" და ამერიკა კვლავ "დიდებული და ჯანმრთელი" გახადოს. არჩეული პრეზიდენტის თქმით, კენედის პრიორიტეტებს შორის იქნება მედიკამენტები, საკვებზე დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების პრობლემა და საკვებ პროდუქტში ქიმიური ელემენტების შემცველობა.

ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი ზედამხედველობს არაერთ მიმართულებას, მათ შორის, პრეპარატების, ვაქცინების, სურსათის უსაფრთხოების და სამედიცინო კვლევების საკითხებს, ასევე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზოგიერთ სპეციალისტს აშფოთებს კენედის კრიტიკული დამოკიდებულება ვაქცინების მიმართ, რომელსაც ის კოვიდ-პანდემიის დროს გამოხატავდა.

რობერტ კენედი ამერიკის ყოფილი გენერალური პროკურორის ვაჟი და პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმისშვილია. გასულ წელს ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უწევდა კონკურენციას და საპრეზიდენტო კამპანიას დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში აწარმოებდა. შემდეგ კი მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა და კანდიდატურა მოხსნა.

დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს კიდევ ერთი კანდიდატი დაასახელა - დაგ კოლინსი, ჯორჯიის ყოფილი კონგრესმენი ვეტერანთა საკითხების მდივნობის კანდიდატია. კოლინსი ამერიკის საჰაერო სარეზერვო ძალების კაპელანია და კონგრესის წევრი იყო 2013-2021 წლებში. ის დონალდ ტრამპს პირველი საიმპიჩმენტო პროცესისას აქტიურად იცავდა.