ტრამპი დაზვერვის შეფის კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ ბრენანი დონალდ ტრამპის ბრალდებას უარყოფს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი თვლის, რომ სავარაუდოდ, ბრანანი და მისი უწყებაა დამნაშავე იმაში, რომ ტრამპს და რუსეთს შორის დაუსაბუთებელ კავშირებზე საიდუმლო ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ორშაბათს “უოლ-სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ბრენანმა გაზეთს განუცხადა, რომ ტრამპი რუსეთიდან მომავალ საფრთხეს სათანადოდ ვერ აღიქვამს. მან არჩეული პრეზიდენტის სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” აქტიურობაც გააკრიტიკა, რაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის ინტერესებში არ შედის. ბრენანის აზრით, ქვეყნის ლიდერებისგან დაზვერვის სააგენტოების დასკვნათა ეჭვქვეშ დაყენება მოსალოდნელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეჭვი მათ არაკეთილსინდისიერებაში შეიტანო.

დონალდ ტრამპი პუბლიკაციას მაშინათვე ისევ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დასვა კითხვა, იყო თუ არა ბრენანი ის ადამიანი, ვინც პრესაში “ცრუ ინფორმაცია გაამჟღავნა”. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს შეფის საქმიანობის შესახებ კი თქვა, რომ ის “უარესად ვერ მოიქცეოდა… შეხედეთ სირიას, ყირიმს, უკრაინას და რუსეთის ბირთვული არსენალის ზრდას. ეს კარგი არ არის!” - დაწერა არჩეულმა პრეზიდენტმა “ტვიტერზე” გაზეთში პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში.