ტრამპმა ეკონომიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის მიმართულებით, მორიგი ნომინანტები დაასახელა

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის რესპუბლიკური პარტიის შეხვედრაზე. ვაშინგტონი, აშშ. 13 ნოემბერი, 2024 წ.

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ნომინაციაზე გააკეთა, ამჯერად - ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროში. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან ხელისუფლებას ტრამპი მას შემდეგ გადაიბარებს, რაც 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიაზე საპრეზიდენტო ფიცს საზეიმოდ დადებს.

შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლად ტრამპმა ჯემისონ გრირი წარადგინა. გრირი მის წინა ადმინისტრაციაში თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო. 26 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ გრირმა წამყვანი როლი ითამაშა ჩინეთზე ტარიფების დაწესებაში, ასევე - კანადასთან და მექსიკასთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებათა დადებაში.

ასევე ნახეთ: ტრამპი კანადის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ახალი ტარიფების დაწესების პირობას დებს

არჩეულმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელად კევინ ჰასეტი დაასახელა. ტრამპს წარსულში მასთანაც წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. მისი პრეზიდენტობის დროს ჰასეტი სათავეში ედგა ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს.

ტრამპის თქმით, ამ ახალ როლში ჰასეტი "განაახლებს და გააუმჯობესებს" გადასახადების შემცირების ინიციატივას, რომელიც მან 2017 წელს დანერგა. ამას გარდა, არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, ჰასეტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ "ამერიკული ოჯახებისთვის ინფლაციით მიყენებული ზარალის" გამოსწორების საქმეში.

26 ნოემბერს ტრამპმა რამდენიმე ნომინაცია ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ რამდენიმე თანამდებობაზეც გამოაცხადა. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგეს ჯანდაცვის ეკონომისტი, ჯეი ბატაჩარია.

ბატაჩარია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, სავალდებულო ვაქცინაციისა და კარანტინების მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტში მდივნის მოადგილედ ტრამპმა ჯიმ ო'ნილი წარადგინა, რომელიც ამავე უწყების ყოფილი ოფიციალური პირია.

დონალდ ტრამპის ნომინანტები რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე