შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განათლების დეპარტამენტის მდივნის პოსტზე ლინდა მაკმაჰონი შეარჩია. განცხადება მომავალი კაბინეტის წევრობის კიდევ ერთ კანდიდატზე მან 19 ნოემბერს, გვიან საღამოს გააკეთა. მაკმაჰონი ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა.
„ლინდა გამოიყენებს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ლიდერობის გამოცდილებასა და განათლებისა თუ ბიზნესის ღრმად წვდომის უნარს, რათა გააძლიეროს ამერიკელი სტუდენტებისა და მუშაკების მომდევნო თაობა, და ამერიკა მსოფლიო განათლებაში ნომერ პირველი გახადოს“, - თქვა ტრამპმა და დასძინა: ”ჩვენ დავაბრუნებთ განათლებას შტატებში და ლინდა ამ ძალისხმევის ავანგარდში იქნება.”
ცოტა ხნით ადრე, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კომერციის დეპარტამენტის მდივნის ნომინაცია გამოაცხადა. მან ამ პოზიციაზე კანდიდატად ჰოვარდ ლუტნიკი, უოლ-სტრიტის ფინანსისტი დაასახელა.
63 წლის მილიარდერი ტრამპის გარდამავალი საპრეზიდენტო გუნდის თანათავმჯდომარეა. ის მომავალ პრეზიდენტს მნიშვნელოვან პოსტებზე ბევრი ადამიანის შერჩევაში და მათი ბიოგრაფიების გადამოწმებაში ეხმარება. ლუტნიკი საარჩევნო კამპანიის დონორი იყო და ბოლო წლებში ტრამპის გამოკვეთილი მხარდაჭრით გამოირჩეოდა.
ახლა ის კომპანია "კანტორ ფიცჯერალდის" ხელმძღვანელია, რომელიც გლობალურ ფინანსურ მომსახურებას ეწევა. ლუტნიკის კანდიდატურას შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის პოსტზეც განიხილავდნენ, თუმცა ამ პოზიციაზე ნომინაცია ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. წინასწარი ინფორმაციით, ხაზინის მდივნობის კანდიდატი უოლ-სტრიტის ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორი სკოტ ბესეტია.
19 ოქტომბერს ტრამპმა კიდევ ერთი ნომინაცია გამოაცხადა. სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ექიმ ოზის სახელით ცნობილი მეჰმეტ ოზი, ტელესახე და ცნობილი წამყვანი, შეერთებული შტატების ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების ორ მთავარ მიმართულებას უხელმძღვანელებს. ესენია "მედიქეარი" და "მედიქეიდი", რომელთა საშუალებითაც ხანდაზმული ამერიკელებისა და დაბალშემოსავლიანი ამერიკელების ჯანდაცვის პროგრამებით უზრუნველყოფა ხდება.
რესპუბლიკელმა ოზმა 2022 წელს პენსილვანიის შტატიდან სენატორობაც სცადა, მაგრამ წარუმატებლად. ტრამპმა მას მხარი მაშინაც დაუჭირა.
Your browser doesn’t support HTML5