ამ ეტაპზე რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10 შტატში იგებს. დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ანგარიშზე კი 7 შტატია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობი რჩება ის, თუ ვინ მოიგო გადამწყვეტ, შვიდ მერყევ შტატში.
გადამწყვეტ შტატებს შორის წელს ასახელებენ შემდეგ მერყევ შტატებს: ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, არიზონა, მიჩიგანი, ნევადა და ვისკონსინი. გამოკითხვების მიხედვით, ორივე კანდიდატს ამ შტატებში თანაბარი რეიტინგები აქვს.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ამ გადამწყვეტ შტატებში კანდიდატთა შედეგებმა სულ ცოტა საათები, ან შესაძლოა, დღეების განმავლობაშიც კი დააგვიანოს. ვაშინგტონის დროით, საღამოს 8 საათზე ამერიკის შტატების ნახევარში, 25 შტატში საარჩევნო უბნები უკვე დახურული იყო.
ელექტორების ხმებით, ჯერჯერობით დონალდ ტრამპი ლიდერობს. მის აქტივზე ამ ეტაპზე ელექტორთა კოლეგიის 101 ხმაა, კამალა ჰარისმა კი 71 ელექტორის ხმა მოიპოვა.
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის მოპოვება სჭირდება.
47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში - 34 სენატორს, ჯამში - ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე ბევრგან ადგილობრივი, შტატის თუ ქალაქის მთავრობათა და საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელოვანი პოსტებიცაა.