ბაიდენ-ტრამპის შეხვედრა - პირველი კადრები ოვალური ოფისიდან
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი 1393 დღის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა.
არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ოვალურ კაბინეტში ტრამპი და ბაიდენი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ, თუმცა მთავარი აქცენტი ხელისუფლების გადაბარების პროცესს დაეთმობა.
ძალაუფლების გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის, ასევე დონალდ ტრამპის გუნდის წევრებით.
დონალდ ტრამპი, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა გასულ კვირას მიიწვია, მაშინ, როცა ბაიდენმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ლიდერებმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთეს და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ფიცს 2025 წლის 20 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის წინ დადებს. არსებული ინფორმაციით ინაუგურაციას ჯო ბაიდენი, პირველი ლედი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. მანამდე, 2025 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში არჩევნების შედეგების სერთიფიცირების პროცესი გაიმართება.
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი დაამარცხა. საარჩევნო კოლეგიაში ტრამპმა 312 ხმა, კამალა ჰარისმა კი 226 ხმა დააგროვა. კანდიდატს გამარჯვებისთვის 270 ხმა ჭირდებოდა. ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წელს კონკურენტს პოპულარული ხმებითაც მოუგო