დონალდ ტრამპი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელთა პრაიმერების ლიდერი, აზიის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე სახელმწიფოების კრიტიკას აგრძელებს. ტრამპმა იაპონია და სამხრეთ კორეა რეგიონულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის გააკრიტიკა და მათ „უბილეთო მგზავრები“ უწოდა, რომლებიც საკუთარი ბირთვული იარაღის განვითარებაზე ფიქრობენ.
იაპონიამ დღეს ატომურ იარაღთან დაკავშირებით ბრალდება კატეგორიულად უარყო. ასევე მოიქცა სამხრეთ კორეა, ტრამპის დანარჩენ ბრალდებებზე კი კომენტარის გაკეთებაც კი შეუფერებლად ჩათვალა.
შაბათს, „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბარში, რესპუბლიკელთა წამყვანმა კანდიდატმა შეერთებულ შტატებს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან დადებული უსაფრთხოების პაქტების სრული გადახედვისკენ მოუწოდა. „ამერიკას არ აქვს მილიარდობით დოლარის ფლანგვის საშუალება“ - განაცხადა მან გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ ტოკიოდან და სეულიდან ჯარის გამოყვანის საკითხსაც კი დააყენებდა დღის წესრიგში, თუკი ისინი რეგიონალურ უსაფრთხოებაში მეტი წვლილის შეტანას არ დაიწყებენ.