პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს კორონავირუსით, ამერიკაში 100,000 ადამიანის გარდაცვალებას “ძალიან სამწუხარო ფაქტი” უწოდა.
თავდაპირველად, პანდემიის დასაწყისში, ტრამპი ცდილობდა, რომ კორონავირუსის საფრთხე, იმაზე ნაკლებად წარმოეჩინა, ვიდრე ეს ნამდვილად იყო. პრეზიდენტი ამბობდა, რომ საფრთხე მალე გადაივლიდა და ამერიკაში ვირუსის ნული შემთხვევა დაფიქსირდებოდა. თუმცა, მოგვიანებით მან აღიარა, რომ ამერიკაში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იმაზე მაღალი იყო, ვიდრე ვიეტნამისა და კორეის ომებში ერთად დაღუპული ამერიკელების რაოდენობა.
“მივმართავ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს. მსურს გამოვხატო ჩემი გულითადი სიმპათია და სიყვარული ყველაფრის გამო რისთვისაც ეს არაჩვეულებრივი ადამიანები არსებობდნენ და რასაც წარმოადგენდნენ. ღმერთი იყოს თვენთან”, დაწერა ტვიტერის გვერდზე დონალდ ტრამპმა.
ოთხშაბათს, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ასევე ტვიტერზე დაწერა: “არსებობს ისტორიაში მომენტები, რომლებიც ისეთი სამწუხარო, ისეთი გულსატკენია, რომ სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში, როგორც საერთო გლოვა. დღეს ერთ-ერთი ასეთი მომენტია.”
სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მომდევნო კვირა წუთიერი დუმილით დაიწყონ. ორშაბათს, სენატის სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნება. კანონმდებლები პატივს მიაგებენ იმ 100,000 გარდაცვლილს, ვისი სიცოცხლეც კორონავირუსმა 4 თვეზე ნაკლებ დროში შეიწირა.
“ერმა ეს ბნელი მომენტი ერთიანობითა და სიცხადით უნდა გადაიტანოს”, თქვა სენატორმა ბრაიან შაცზმა, დემოკრატმა ჰავაიდან. “ახლა, ამ წარმოუდგენელი ტკივილის დროს, უმნიშვნელოვანესია, რომ შევჩერდეთ და პატივი მივაგოთ ყველა დაკარგულ სიცოცხლეს და ერთად გამოვიგლოვოთ ისინი”, დაამატა სენატორმა.
წარმომადგენელთა პალატაში, უკვე არსებობს შეთავაზება, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოში ყოველთვის, როდესაც სესია გაიმართება, წუთიერი დუმილით პატივს გარდაცვლილთა ხსოვნას მიაგებენ. პანდემიის დასრულების შემდეგ, ამერიკაში, ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდება და ასევე, დაწესდება ეროვნული ხსოვნის დღე კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველწლიურად მოსახსენებლად.
ამერიკაში, დღიურად გარდაცვალების რიცხვი, გასულ კვირას, თითქოს, გაუმჯობესდა, თუმცა ოთხშაბათს, ისევ სწრაფი მატება დაფიქსირდა. მაშინ ერთ დღეში 1, 400 ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები 356,000-ს სცდება. ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 5,7 მილიონზე მეტია, აქედან 30% ამერიკაზე მოდის. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.