დემონსტრაციები ამერიკის 100-ზე მეტ ქალაქში

მომიტინგეები მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ტრეივონ მარტინი შეუიარაღებელი მოზარდის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო

Your browser doesn’t support HTML5

აშშ


აქტივისტებმა დემონსტრაცია შეერთებული შტატების დედაქალაქშიც მოაწყვეს. შაბათს აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ასობით ადამიანი გამოვიდა კაპიტოლიუმის შენობის წინ, რომლებიც ფლორიდის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ისინი თავდაცვის მიზნით ჩადენილი მკვლელობის შესახებ სისხლის სამართლის კანონის გადახედვასაც ითხოვდნენ. ამერიკელთა აღშფოთება ახლახან გამოტანილი განაჩენით იყო განპირობებული, რომლის მიხედვითაც ჯორჯ ზიმერმანი, სამეზობლოს მოხალისე წესრიგის დამცველი, შეუიარაღებელი მოზარდის, ტრეივონ მარტინის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნეს.

რიჩარდ პეიტონი აქციაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა. ის სასამართლოს პროცესის მიმდინარეობით უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ „სასიკვდილო იარაღის გამოყენება არ იყო საკმარისად დასაბუთებული. და ზიმერმანი ჩადენილი მკვლელობის გამო უნდა დასჯილიყო“.

ზიმერმანი ლათინურამერიკული წარმოშობისაა. ტრეივონ მარტინი კი ფერადკანიანი. უფლებადამცველები პროცესის მსვლელობის დროს რასობრივი ელემენტების გავლენაზე და სტერეოტიპებით მიღებული გადაწყვეტილებების უსამართლობაზე საუბრობენ. გასულ წელს ზიმერმანს ქუჩაში მიმავალი 17 წლის ტრეივონი საეჭვოდ მოეჩვენა, რადგან მას თავზე კაპიუშონი ჰქონდა წამოხურული. ის უკან გაჰყვა ტრევონს. მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სასამართლოს დასკვნით, ზიმერმანმა თავდაცვის მიზნით გაისროლა და ტრევონი დაიღუპა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზიმერმანი ინციდენტიდან თვენახევრის შემდეგ დააპატიმრეს. ისიც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფაქტი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოეწყო. ზიმერმანი მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს და ერთი წლის შემდეგ გაასამართლეს. ექვსი ქალისგან შემდგარმა ნაფიცი მსაჯულების ჯგუფმა ის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო.

სასამართლო საქმემ ამერიკელ ფერადკანიანებს მოუშუშებელი, ღრმა ჭრილობა გაახსენა. მათ ჩათვალეს, რომ ტრეივონი საკუთარი კანის ფერის გამო დაიღუპა. საზოგადოების ერთი ნაწილი ზიმერმანს რასობრივ დიფერენციაციაში და ტრეივონ მარტინის სამოქალაქო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

„ვიცი, რომ საქმეში გამოძიებათა ფედერალური ბიუროც იყო ჩართული. დიდი იმედი მაქვს, რომ იპოვიან საკმარის სამხილს იმისთვის, რომ ეს შემთხვევა სამოქალაქო უფლებების დაცვის საქმედ გადაიქცეს“ - ამბობს ვირჯინიელი ლინდა პაუელი.

საქმე იმდენად გახმაურებულია, რომ 13 ივლისს გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, 19 ივლისს კომენტარის გაკეთება პრეზიდენტ ობამასაც მოუწია. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი აფრო-ამერიკული წარმოშობის საზოგადოებაა დაინტერესებული ტრევონ მარტინის საკითხით, იმ გამოცდილებდან გამომდინარე, რაც ისტორიულად აქვთ და რომელიც მუდამ თან სდევთ“.

პრეზიდენტმა ბავშვობა მოიგონა, როცა არაერთხელ გამხდარა რასობრივი დიფერენცირების და სტერეოტიპების მსხვერპლი. გაიხსენა რამდენიმე დამამცირებელი ეპიზოდი, მათ შორის, თუ როგორ დაყვებოდნენ უკან მაღაზიაში, რომ არაფერი მოეპარა. ან, მანქანას რომ ჩაუვლიდა, როგორ კეტავდნენ მაშინათვე საკეტებს.

შაბათს, ვაშინგტონის მიტინგზე შეკრებილებიც ანალოგიურ შემთხვევებზე ყვებოდნენ. მორის ჯორდანი, რომელიც ძვირფას მანქანას ატარებს, ამბობს, რომ მას ძალიან ხშირად აჩერებს პოლიცია, თუმცა წესრიგს არასოდეს არღვევს. ჯორდანის თქმით, მას გამუდმებით უმოწმებენ საბუთებს და მანქანის ფლობის უფლებას. „საბედნიეროდ, ამ სიტუაციებში ხიფათს არ გადავყრივარ, თუმცა, შიში ყოველ გაჩერებაზე მეორდება“ - ყვება ჯორდანი.

იმის მიუხედავად, რომ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი და ამჟამინდელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო უფლებების დარღვევის ბრალდების წაყენება რთული საქმე იქნება, ვაშინგტონში მიტინგზე შეკრებილები ფიცს დებენ, რომ ფედერალურ უწყებებზე წნეხს გააგრძელებენ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.