ტერორისტული აქტის მემორიალთან დარგული ხე ტრაგიკული დღის მემატიანეა
Your browser doesn’t support HTML5
2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი ტერორისტული აქტი სიკვდილს და ნგრევას უკავშირდება. თუმცა ამ ტრაგიკული დღის და სიცოცხლის უძლეველობის სიმბოლოდ გადაიქცა ერთი პატარა მსხლის ხე, რომელიც ახლა მანჰეტენზე, ტრაგედიის ადგილზე დგას. ხის გადარჩენას თავიდან არავინ ელოდა.
რიჩი კაბო ნიუ იორკის პარკების და გამწვანების დეპარტამენტის თანამშრომელია. მისი თქმით, მაშველებმა ხე ნანგრევებში იპოვნეს და გადაწყვიტეს ქალაქის გამწვანების სანერგეში გადაეტანათ.
„თავდაპირველად ხე 9 მეტრის სიმაღლის იყო. როდესაც სავაჭრო ცენტრის შენობა დაეცა, შუაზე გადატყდა. ჩვენთან როცა მოიტანეს მხოლოდ 2 მეტრის სიგრძის იყო. რამდენიმე ტოტი და ფოთოლიღა ჰქონდა შერჩენილი.“
კაბომ და მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ხისთვის მოევლოთ და მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ.
„ხეს გარკვევით ემჩნევა, თუ რომელია ახლადამოსული ტოტი და ფოთოლი. ასე რომ, იმ ტრაგიკული დღის ისტორიის მემატიანეცაა.“
ორი წლის წინ მეხანძრეების მიერ გადარჩენილი მსხლის ხე ნიუ იორკის სანერგედან მანჰეტენზე სხვა ხეებთან ერთად გადარგეს.
ედი გინდი მანჰეტენზე მაღაზიის ქსელ "21 საუკუნის" მენეჯერია. ხის დაბრუნებას იგი სულმოუთმენლად ელოდა:
„როდესაც ხე მოვინახულე, ოფისში დავბრუნდი. ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა, სტრიქონები და მუსიკაც მაშინათვე მოვიფიქრე.“
ედი გინდიმ ცოტა ხანში მუსიკალური ვიდეოც შექმნა.
„მსხლის ხე გადარჩა. სიცოცხლემ გაიმარჯვა. ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანმა: ჩემმა კომპანიამ , ნიუ იორკმა და მთლიანად ამერიკამ ამ უდიდეს ტრაგედიას ღირსეულად გაუძლო.“
გინდი მანჰეტენის 11 სექტემბრის მემორიალზე რიჩი კაბოს შეხვდა:
„გამწვანების პარკის თანამშრომლებს მთელი გულით მადლობა გიხდით. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ“-მიმართა მან მაშველებს.
მაღაზია 21 საუკუნე გადარჩენილ მსხლის ხეზე შექმნილ სიმღერას ჰყიდის. შემოსული თანხა ორგანიზაცია "Tuesday Childrens"-ის ფონდში გადაირიცხება, რომელიც 11 სექტემბერს ტერორისტული აქტით დაზარალებულ ოჯახებს და ბავშვებს დაეხმარება. ამ ორგანიზაციამ უკვე 200,000 დოლარი შეაგროვა.