6 ქვეყნიდან მგზავრებისთვის შეზღუდვები ძალაში შედის

შეერთებულ შტატებში შემოსვლაზე შეზღუდვის დაწესების ბოლო რაუნდი, დღეს იმ ქაოსის და გაურკვევლობის გარეშე იწყება, რომელიც ამ წესების შემოღების პირველ მცდელობას ახლდა. ამ წესების ამოქმედება, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო განკარგულების ნაწილობრივად ძალაში შესვლის შემდეგ რამდენიმე დღეში ხდება. ადრე, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულება ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, არაკონსტიტუციურობის საბაბით შეაჩერეს.

ხუთშაბათს, შეერთებულმა შტატებმა ახალი წესები დანერგა, რომლის მიხედვითაც ექვსი, მეტწილად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნის მოქალაქეებს, ვიზის მისაღებად მოეთხოვებათ, რომ ამერიკაში საკუთარი ოჯახის წევრთან ან ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ.

ყველა მგზავრი, რომელსაც მგზავრობა 6 ივლისამდე ჰქონდა დაგეგმილი, ქვეყანაში შემოსვლას შეძლებს. ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების თანახმად, სხვების საქმეებს, რომლებსაც მგზავრობა ამ თარიღის შემდეგ ჰქონდათ დაგეგმილი, „მოგვიანებით“ განიხილავენ.

შეზღუდვა ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიის და იემენის მოქალაქეებს ეხება.