უკვე ერთი კვირაა, თბილისში, წინასწარ პატიმრობაში ორი ებრაელი ბიზნესმენი იმყოფება. გამოძიების მტკიცებით, რონი ფუქსმა და ზეევ ფრენკელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძეს ქრთამის სახით 7 მილიონი დოლარი შესთავაზეს. საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე, ბერძენ ბიზნესმენ იოანის კარდასოპულოსზე.
საქმეს განსაკუთრებულ ინტრიგას სძენს ის გარემოება, რომ საქართველოს სახელმწიფომ, მარტში, ვაშინგტონში, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში, კომპანია „ტრამექსის“ (Tramex International Inc) მეპატრონეებთან - ფუქსთან და კარდასოპულოსთან ხუთწლიანი დავა წააგო და მათ სასარგებლოდ 98 მილიონი ამერუკული დოლარის გადახდა დაეკისრა.
„ავთანდილ ხარაიძეს დაევალა მოლაპარაკებები ეწარმოებინა კომპანია „ტრამექსის“ წარმომადგენლებთან და მორიგების გზით დაედასტურებინა გადასახდელი თანხის ოდენობა, გრაფიკი და მასთან დაკავშირებული დეტალები.
ფუქსმა და ფრენკელმა ხარაიძეს სამჯერ სხვა და სხვა დროს ქრთამის სახით შესთავაზეს სხვა და სხვა ოდენობის თანხა. პირველი შეხვედრისას შესთავაზეს ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი.
მეორე შეხვედრაზე, რომელიც შედგა სტამბულში ქრთამის ოდენობა გაიზარდა 10-დან 20 მილიონ ამერიკულ დოლარამდე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო „ტრამექსის“ სასარგებლოდ გადაიხდიდა 100 მილიონ დოლარს. თუმცა, საბოლოო შეთავაზება და შეთანხმება შედგა შვიდ მილიონ დოლარზე,“ - ამბობს გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ზაზა ქაჩიბაია
პროსახელისუფლებო მედიამ ებრაელების დაპატიმრების თემა ქართულ საზოგადოებას, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნა ისე მიაწოდა.
ყველა ტელევიზიამ აჩვენა ფუქსის, ფრენკელისა და ხარაიძის შეხვედრის ფარული ვიდეო კამერით გადაღებული კადრები, ჯერ სტამბულში, შემდეგ კი ბათუმში.
ბათუმში ებრაელები 14 ოქტომბერს, ფუქსის პირადი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ, სადაც დააპატიმრეს კიდეც. წერილიდან, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ფუქსსა და კარდასოპულოსს 12 ოქტომბერს გაუგზავნა ირკვევა, რომ ბათუმში ებრაელები სწორედ პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდნენ. პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ბლანკზე, შესაბამისი ბეჭდით გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
„პირველ რიგში ნება მომეცით გამოვხატო ჩემი კმაყოფილება მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. მე დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვიპოვნით მისაღებ გამოსავალს.
მტკიცედ მჯერა, რომ ეს შეხვედრა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება, დიდად შეუწყობს ხელს ამ შეთანხმების დასრულებას. ასეთი შეხვედრა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვიმსჯელოთ ყველა დეტალზე და უეჭველად პოზიტიური ეფექტი ექნება საკითხის მეგობრული მოგვარებისთვის.
ამასთან დაკავშირებით, უკვე მიღწეულ შეთანხმებების შესაბამისად, ნება მიბოძეთ ოფიციალურად მოგიწვიოთ თქვენ ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს, რათა დავასრულოთ მორიგება და ხელი მოვაწეროთ მას.
პატივისცემით, ნიკა გილაური“
საინტერესოა, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ასეთი წერილის არსებობის ფაქტი უარყო.
ამ მოსაწვევის გარდა, ასევე არსებობს, საქართველოს მთავრობასა და კარდასოპულოსს და ფუქსს შორის მორიგების ხელშეკრულების ხელმოუწერელი პროექტიც, რომელზეც გილაური თავის მოსაწვევში საუბრობს, იქ, დამატებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის გვარი ფიგურირებს.
დაცვის მხარის მტკიცებით, ნიკა გილაურის მოსაწვევი და მორიგების ხელშეკრულების პროექტი მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა, ოფიციალურ მოლაპარაკებას მართავდა ფუქსთან და კარდასოპულოსთან, სასამართლო დავის დროს წაგებული 98 მილიონის შემცირების მიზნით, თუმცა საბოლოოდ, მთელი ეს პროცესი მათ დასაპატიმრებლად გამოიყენა. ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა „ამერიკის ხმა“ განუცხადა:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები თვლიან, რომ არავითარი ქრთამის შეთავაზებას ადგილი არ აქვს. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მომხდარიყო მორიგება და მოსარჩელეებს ნაცვლად 100 მილიონი დოლარისა, მიეღოთ გაცილებით ნაკლები, კერძოდ, 65 მილიონი დოლარი. ხოლო სხვაობა, 72-სა და 65 მილიონს შორის, ანუ შვიდი მილიონ დოლარი, მათი მოსაზრებით ეს იყო, ის სარეინვესტიციო თანხა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს უნდა დარჩენოდა.
მათივე განცხადებით, ეს იყო საქართველოს მთავრობის პოზიცია, ამ გარიგებას საფუძვლად უნდა დადებოდა, ის, რომ უცხოელი ინვესტორები გარკვეულ ინვესტიციას ახორციელებენ საქართველოში და მხოლოდ ამის შედეგად მოხდა ამ გარიგების დადება.
ისინი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს აღიქვამდნენ, როგორც სახელმწიფოს და სახელმწიფოსთან ურთიერთობაში განიხილავდნენ ამ საკითხს. სხვა პირი რომ ყოფილიყო ურთიერთობის მონაწილე, და არა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რონი ფუქსი მასთან მოლაპარაკებაზე არ დაჯდებოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დასტურად იმისა, რომ ის სახელმწიფოს სახელით ესაუბრებოდა, მათ წარუდგინა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მოსაწვევი, რომელშიც პრემიერ-მინისტრი იწონებს უკვე წინასწარ არსებული შეთანხმების პირობებს და ეპატიჟება მათ ხელმოსაწერად.“
პანამაში რეგისტრირებული კომპანია „ტრამექსი“ Tramex International Inc საქართველოში, ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს შემოვიდა. მას ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები ლობირებდნენ, ისრაელის ქნესეთის მაშინდელი წევრის ეფრაიმ გურის მეთაურობით.
სამხედრო პუტჩის შემდეგ, „ტრამექსმა“ უკვე პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუასთან გაარძელა ურთიერთობა და 1992 წელს სახელმწიფო საწარმო „საქნავთობთან“ ერთობლივი კომპანია „ჯი-თი-აი“ დაარსა.
ახალმა კომპანიამ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანზიტის ექსკლუზიური უფლება მიიღო. ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა, რომელიც წესით პასუხისმგებელი უნდა იყოს ამ კაბალურ ხელშეკრულებაზე, დღეს ამბობს:
„ტრამექსთან“ დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა „საქნავთობმა“, ეხლა 20 წლის წინანდელი ამბები მე ზუსტად ვერ მემახსოვრება, მაშინ უამრავი ხალხი ჩამოდიოდა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, იმ ხელშეკრულებაში შეიძლება არის დაშვებული რაღაც შეცდომები, რომელსაც იყენებს ახლა ეს ხალხი და ამიტომ ჩივიან.“
1993 წლის აპრილში, „ტრამექს“ უკვე 30 წლით, კონცესიის უფლებით გადაეცა საქართველოში არსებული ყველა ნავთობსადენი და გაზსადენი. მიუხედავად იმისა, რომ „ტრამექსმა“ გარკვეული ინვესტიცია განახორციელა, 1995 წლის ბოლოდან ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის ვითარება მკვეთრად დაიძაბა, რაც 1996 წელს „ტრამექსის“ გაძევებით დასრულდა.
პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილებით, ყველა უფლება ახლადშექმნილ "ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციას" გადაეცა.
ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში გაგზავნილი მასალებიდან ირკვევა - „ტრამექსს“ 2003 წლამდე რამდენჯერმე დაპირდნენ, რომ გადაუხდიდნენ კომპენსაციას, ამის თაობაზე, პრეზიდენტ შევარდნაძეს რამდენჯერმე ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერიც კი ესაუბრა, თუმცა შევარდნაძე ისე გადადგა, საქმე არ დაძრულა.
ახალი პრეზიდენტის სააკაშვილის მთავრობამ კი 2004 წელს „ტრამექსს“ კომპესაციაზე უარი უთხრა. ფუქსმა და კარდასოპულოსმა სწორედ ამის შემდეგ იჩივლეს საერთაშორისო სასამართლოში და 98 მილიონი დოლარი მოუგეს კიდეც საქართველოს. ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამბობს:
„უპრეცედენტოდ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს სპეცოპერაციის მონაწილე. ასეთი რამ არ ხდება ან არ გაგვიგია, რომ პრემიერ-მინისტრი იწვევს უცხოელ ინვესტორს მოსალაპარაკებლად და ამ დროს ირკვევა, რომ თურმე ეს მოსაწვევი ყოფილა წინასწარ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედება, სპეცოპერაციის განსახორციელებლად.
ეს დაკავება, რომელსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მოტაცებას ეძახიან, ნაკარნახევი არის იმით, რომ საქართველოს სახელმწიფომ თავი აარიდოს იმ თანხის გადახდას, რომელიც მას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული“.
„ტრამექსის“ საქმეს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა პრეზიდენტ სააკაშვილს დაურეკა და საქმის სამართლიანი გამოძიება სთხოვა. დაკავებული რონი ფუქსი პერესის ახლო მეგობარი და ამევე დროს ისრაელის ქალაქ ეილათში თურქეთის საპატიო კონსულია.
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო შეიძლება სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში გაეხვას, თუმცა ოფიციალური თბილისი ყევლაფერს „ჩვეულებრივ კრიმინალურ შემთხვევას“ უწოდებს.