ერდოღანს მის მშობლიურ უბანში დადებითად ახასიათებენ, თუმცა ოპონენტები მის გადადგომას ისევ მოითხოვენ
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთში ბოლო დროს ჩატარებული საპროტესტო დემონსტრაციების დროს რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ოპოზიციური ჯგუფი ერთად იდგა. ისინი გაერთიანდნენ მთავრი მოთხოვნის ირგვლივ, რომ დასრულდეს პრემიერ მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ლიდერობით 11-წლიანი ხელისუფლების რეჟიმი, თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრი წასვლას არ აპირებს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი სკოტ ბობი თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის სტამბოლში მდებარე სახლს ეწვია, სადაც მან ბავშვობა გაატარა და სადაც მას მებრძოლი სული ჩამოუყალიბდა.
სტამბოლის კაპტანპასას რაიონი ძირითადად მშრომელი ხალხით დასახლებული უბანია, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და გაჭირვების დროს ეხმარება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მოკრძალებულ ბინაში გაიზარდა. მისი მეზობლები ამ ფაქტით ამაყობენ.
მეზობლების ნაწილი უბანში მდებარე კაფეში ბანქოს სათამაშოდ და სასაუბროდ იკრიბებიან. უმუშევარი ოფიციანტი ონდერ ტერკანი ამბობს, რომ ის უბანში საკამოდ პოპულარულია, რადგან მორწმუნე მუსლიმია.
ონდერ ტერკანი: ჩვენ მოგვწონს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რადგან ის ლოცულობს და მარხვასაც ინახავს. ქვეყნის მოსახლეობის 98% მუსლიმია და იმ პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომელიც მორწმუნეა, რა თქმა უნდა პატივისცემით ვართ განწყობილი.
მაგრამ ერდოღანის მიმართ ასეთი განწყობა ყველას არ აქვს. ანტი-სამთავრობო აქციები ტაქსიმის მოედანზე ისევ გრძელდება. მოსახლეობამ გამოსვლები ერთი თვის წინ დაიწყო და პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას აპროტესტებდნენ, თუმცა მალე მთავარი მოთხოვნა ერდოღანის გადადგომა გახდა. დაცვის თანამშრომელი სატი ევაი ამერიკის ხმასთან საუბრობს.
სატი ევაი: ერდოღანი არაპროპორციულ ძალას იყენებს. ის ხალხს ჩაგრავს. მხოლოდ ერთ მხარეს აქცევს ყურადღებას, თუმცა არ ვიცით რატომ. არასოდეს უსმენს ხალხს, მხოლოდ დიქტატოროვით იქცევა.
თუმცა კაპტანპასას რაიონში, სადაც მცხოვრები მოსახლეობა ძალიან ახლო ურთიერთობაშია ერთმანეთთან, ამბობს, რომ ერდოღანმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს. ფეიქარი ერის დოგანი ამერიკის ხმასთან საუბრობს.
ერის დოგანი:ერდოღანი ზოგჯერ უხეში, ზოგჯერ კი რბილია. ამ ტიპის ადამიანია. მოსახლეობის 50% ზე მეტი მას მხარს უჭერს.
რეჯებ ტაიპ ერდოღანი ახლა 59 წლისაა, პრემიერ-მინისტრის პოსტი 2003 წლიდან უკავია. ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობით ის ორჯერ იქნა არჩეული ამ თანამდებობაზე.
ოჯახის დახმარების მიზნით ის ბავშვობაში სხვადასხვა სამუშაოებზე მუშაობდა. ის მოზარდი იყო, როდესაც პოლიტიკურ ისლამში აქტიურად ჩაერთო. 1998 წელს, ერთ-ერთი აქციის დროს, ისლამისტური ლექსის კითხვის გამო ერდოღანი დააპატიმრეს, რის შემდეგ ოთხი წელი მან ციხეში გაატარა. 90-იანი წლებში, როდესაც სტამბოლის მერის პოსტი ეკავა, მან პოპულარობა ქალაქის დასუფთავების და მოდერნიზაციის გამო მოიპოვა.
ახალგაზრდობაში ფეხბურთის პროფესიონალური მოთამაშე იყო, მოგვიანებით მან თავის ძველი საფეხბურთო გუნდისთვის სტადიონიც ააშენა, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მან ინფრასტრუქტურის და ქალაქის განვითარების არაერთი პროექტი განახორციელა. მისი ხელმძღვანელობის დროს თურქეთის ეკონომიკური მაჩვენებლები გაოთხმაგდა, ასევე საშუალო კლასი მნიშვნელოვნად განვითარდა. თუმცა მისი ოპონენტები ამბობენ, რომ მისი პროგრამები ძირითადად მდიდარი ფენის სასარგებლოდ ხორციელდება.
კაპტანპასას რაიონში მცხოვრები ადამიანები ხშირად სიყვარულით იხსენებენ თავიანთ შვილს. სამოცდათორმეტი წლის პენსიონერი ხიდირ აიდინი ამერიკის ხმასთან საუბრობს.
ხიდირ აიდინი: ერდოღანი კარგი მეგობარი იყო. კარგი პიროვნებაა, და მეგობრებისთვის თავდადებული. თუმცა ახლა არ ვიცი როგორია, ახლა ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
აიდინი თავის ყოფილ მეზობელთან, რეჯებ ტაიპ ერდოღანთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში არ საუბრობს.