ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომეპო ჩინეთის საგარეო ურთიეთობათა ცენტრალური კომისიის დირექტორს, იანგ ძიეჩის ოთხშაბათს ჰავაიში შეხვდა. სტრატეგიული მეტოქეების უმაღლეს დიპლომატებს შორის პირისპირ შეხვედრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ურთიერთობა ტარიფების გაზრდის თაობაზე დაწყებული, ე.წ. სავაჭრო ომის შემდეგ დაიძაბა. ის პანდემიის ფონზეც საკმაოდ გამწვავებული იყო, როდესაც ჩინეთმა შემოიღო ახალი კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგისთვის აკრძალვების მთელ სერიას მოიცავს. ჩინეთის ამ ნაბიჯმა, დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ფართო კრიტიკა გამოიწვია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იანგ ძიეჩიმ მაიკ პომპეოს უთხრა, რომ ვაშინგტონმა პატივი უნდა სცეს პეკინის გადაწყვეტილებებს და შეწყვიტოს ჩარევა ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუნდაც ჰონგ-კონგთან ურთიერთობების დალაგება.
მაიკ პომპეომ, რომელმაც ჩინური მედიისა და დიპლომატების კრიტიკა დაიმსახურა, ხაზი გაუსვა " ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი მოლაპარაკებების აუცილებლობას". ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მორგან ორტაგუსი ავრცელებს. "მან ასევე ხაზი გაუსვა გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობას კორონავირუსთან საბრძოლველად და მომავალი ტალღის თავიდან ასაცილებლად", თქვა სპიკერმა.
შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ჩინეთმა გამოაცხადა, რომ პარლამენტი კიდევ ერთხელ გადახედავს ჰონგ-კონგის უსაფრთხოების კანონპროექტს მომავალი კვირის სესიაზე.