საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე კრიტიკულ საკითხზე ამერიკის ხმა ბრიუსელში კარნეგის ცენტრის უფროს მკვლევარს, საქართველოს საკითხების სპეციალისტს ტომ დევაალს სკაიპის საშუალებით ესაუბრა:
ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებთ “გაზპრომს” და საქართველოს მთავრობას შორის გაფორემებულ ხელშეკრულებას და მის მნიშვნელობას?
საქართველოს მთავრობა კრიტიკას სხვა მიზეზით იმსახურებს: ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა. საზოგადოება თავს დაცულად ვერ გრძნობს, რადგან პროცესს გამჭვირვალობა აკლდა.ტომ დევაალი
ტომ დევაალი: ტექნიკურ დეტალებში გარკვეული არ ვარ. ზოგადად, გაზის კონტრაქტები კომპლექსური საკითხია. ხალხს, რა თქმა უნდა, გარიგების პოლიტიკური კონტექსტი აინტერესებს. თავს შევიკავებდი იმის თქმისგან, რომ ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. “გაზპრომი” სომხეთს გაზს ყოველთვის საქართველოს გავლით აწვდიდა. სანაცვლოდ კი საქართველოს გატარებული გაზის მცირე ნაწილს აძლევდა. გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანში გაზის წარმოება არ იზრდება. აზერბაიჯანი უფრო მეტ გაზს შიდა ბაზრისკენ მიმართავს. ამიტომ, განსაკუთრებით ზამთარში, საქართველოსთვის ბევრი გაზის მიწოდება არ შეუძლია. ესაა მიზეზი, თუ რატომ უნდა დაელაპარაკოს საქართველო “გაზპრომს”. არ ვფიქრობ, რომ საუბარი ცუდია, მაგრამ საქართველოს მთავრობა კრიტიკას სხვა მიზეზით იმსახურებს: ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა. საზოგადოება თავს დაცულად ვერ გრძნობს, რადგან პროცესს გამჭვირვალობა აკლდა. საზოგადოების ნერვიულობა გასაგებია რუსეთისა და ამერიკის შესაძლო ახალი ურთიერთობების კონტექსტში. მაგრამ არ მგონია, საქართველოს მთავრობასა და “გაზპრომს” შორის პოლიტიკური შეთქმულება მომხდარიყო.
ამერიკის ხმა: თქვენ, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების მცოდნემ და მკვლევარმა, რა მიზეზს თუ ფაქტორებს ხედავთ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიგნით განვითარებულ მოვლენებში?
ტომ დევაალი: ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთმანეთის მიყოლებით ორი საპარლამენტო, აგრეთვე საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები წააგო. პარტია, რომელიც არჩევნებში მარცხდება, შეცდომების გაანალიზებას უნდა შეეცადოს. გვაქვს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა: სააკაშვილის დასკვნაა, რომ არჩევნებით გაგვაცურეს, პროცესი უსამართლოდ წარიმართა, უფრო მეტი უნდა ვიბრძოლოთ და გავაგრძელოთ აქტიური პროტესტი. ბოკერიას გუნდის დასკვნაა, რომ სააკაშვილი თავადაა პრობლემა, რომ პატიამ ვერ შეძლო რებრენდინგი და მიშასშემდგომ პარტიად ჩამოყალიბება და რომ სააკაშვილის ჩარევის გამო პარტიამ ხმებიც კი დაკარგა. როცა ასეთი განსხვავებული ხედვები არსებობს, პარტია იხლიჩება. რაც მოხდა, საკმაოდ ბუნებრივია. მაგრამ ანტი-მიშას დაჯგუფების პრობლემა ისაა, რომ ხალხი მის ლიდერებს დიდი ხანია, იცნობს. დიდი ხანია, იცნობენ ბოკერიას, ბაქრაძესა და უგულავას, რომლებსაც ახალი პოლიტიკური ფიგურების მსგავსი მიზიდულობა არ გააჩნიათ. იმასაც ვიტყვი, რომ ამ გუნდის მცდელობა, გადაჯგუფდნენ და ქარიზმატული ლიდერის შექმნილ ძალას გამოეყონ, ჯანსაღი ნაბიჯია.
ამერიკის ხმა: რას გვეტყვით, როგორია რუსული დეზინფორმაციის პოლიტიკის გავლენა კავკასიაში ან მის სამეზობლოში?
რუსული დეზინფორმაციის მომძლავრება და გავლენა აშშ-ში ძალიან დიდი თემაა.ტომ დევაალი
ტომ დევაალი: რუსული დეზინფორმაციის მომძლავრება და გავლენა აშშ-ში ძალიან დიდი თემაა. გასაოცარია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო განიხილავს, თუ რამდენად დააზიანა უცხო ქვეყნის ჩარევამ აშშ-ის დემოკრატიული პროცესი, მისი არჩევნები. უნდა გითხრათ, რომ ამ თემას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ: აშშ-ში ძალიან კონკურენტული არჩევნები იყო, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის ხმებით გაიმარჯვა, თუმცა ამომრჩევლის ხმებით წააგო. ვფიქრობ, ბუნებრივია, რომ დემოკრატები წარუმატებლობის მიზეზს ეძებენ და თითს რუსული დეზინფორმაციისკენ იშვერენ. მაგრამ დასავლეთში არავინ უყურებს “რაშა თუდეის” და არავინ კითხულობს “სპუტნიკს”. ახლა მოდით, ვიკითხოთ, შესაძლებელია, თუ არა რუსულმა პროპაგანდამ გავლენა მოახდინოს კავკასიაზე. რაღა თქმა უნდა, რომ დიახ - იქ მას ბევრად მეტი “მომხმარებელი” ჰყავს. მაგრამ მოდი ისიც ვნახოთ, თუ რას მიაღწია რუსეთმა საქართველოს ბოლო არჩევნებში. პარტია “პატრიოტთა ალიანსმა”, რომელიც თავს ასი პროცენტით პრორუსულ ძალად აღიქვამს, ხუთი პროცენტი გადალახა. უკეთაა გასარკვევი, თუ რა აღელვებს ამომრჩეველს. ჩემი რეკომენდაციაა, ჟურნალისტებმა ამ თემაზე იფიქრეთ, თუმცა ნუ დაპანიკდებით.
ამერიკის ხმა: და ბოლოს, კითხვა, რომელიც ახლა ყველას აინტერესებს და მისი გვერდის ავლა შეუძლებელი იქნება: როგორ ხედავთ აშშ_ის ახალი პრეზიდენტის სამომავლო ურთიერთობებს საქართველოსთან?
აშშ-ისა და საქართველოს, განსაკუთრებით პენტაგონისა და საქართველოს ურთიერთობა ძალიან მყარია და მნიშვნელოვან ფაზაშია შესულიტომ დევაალი
ტომ დევაალი: ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხი არავის აქვს, თავად დონალდ ტრამპსაც კი. მას რადიკალური ცვლილებების გატარება სწადია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სამოცდაათწლიანი ტრადიციიდან გადახვევას ნიშნავს. ცვლილებები, შეიძლება, შეეხოს ნატოს, ევროპასთან ურთიერთობას. ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით მისი ხედვები შემაშფოთებელია. მაგრამ გავიხსენოთ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი რექს ტილერსონი. მან სენატში გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და სანქციების აუცილებლობაზე ისაუბრა. ტრამპის, ფაქტობრივად, ყველა ნომინანტი რუსეთის მიმართ დღეს არსებული პოლიტიკის შენარჩუნების მომხრეა. რამდენად შეცვლის ერთი კაცი - თუნდაც პრეზიდენტი - ამ ვითარებას? ვფიქრობ, არსებული პოლიტიკა გარკვეული დოზით გადაიხედება, მაგრამ პერსპექტივაში მაინც გაურკვევლობა გველის. გაურკვევლობა ცუდია საქართველოსთვის, რადგან მას აშშ-ისგან სტაბილური მხარდაჭერა სჭირდება. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ აშშ-ისა და საქართველოს, განსაკუთრებით პენტაგონისა და საქართველოს ურთიერთობა ძალიან მყარია და მნიშვნელოვან ფაზაშია შესული, რაც ხელის ერთი მოსმით ვერ შეწყდება. მოდით, ეს იმედი შევინარჩუნოთ და ვიფიქროთ, რომ ურთიერთობები მომავალშიც არსებული ინტენსივობით გაგრძელდება.