სეისმოლოგების პროგნოზით მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ალბათობა არსებობს, რომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს დიდი მიწისძვრა დაატყდეს თავს.
ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ტოკიო მომზადებული შეხვდეს სტიქიის მოსალოდნელ შემოტევას. ტოკიოს მეტროპოლიტენის შტაბ-ბინაში განგაშის ხმაზე მოსამსახურეები თავშესაფრისკენ გარბიან, მეზობელ ცათამბჯენში ხანძარსაწინააღმდეგო სირენის გაგონებისთანავე მუშები გარეთ გამოდიან. ეს წვრთნები ტოკიოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს.
იაპონელი მეცნიერების გაანგარიშებით შარშანდელი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ტოკიოში მსგავსი სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება.
ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორის შინიჩი საკაის განცხადებით:“ ჩვენი გამოთვლებით ტექტონიკური აქტიურობა შვიდჯერ გაიზარდა, რაც ნიშნავს რომ მომავალი 30 წლის განმავლობაში ძლიერი მიწისძვრის განმეორების საფრთხე 98%-ია. უახლოესი ოთხი წლის მანძილზე კი ეს საფრთხე 70%-ს შეადგენს.“
იაპონელემა მეცნიერებმა დედაქალაქში პოტენციური მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ანიმაციური მოდელი შექმნეს. მათი გაანგარიშებით ტოკიოში 7,3 ბალის სიძლიერის მიწისძვრას დაახლოებით 11 000 ადამიანის დაღუპვა და 850 000 სახლის დაზიანება შეიძლება მოჰყვეს.
ტოკიოში მდებარე შიმიზუს კორპორაციაში მეცნიერები ახალ სამშენებლო ტექნოლოგიებზე მუშაობენ, რომლებიც მიწისძვრისგან დასაცავად სეისმური იზოლაციის პრინციპებზეა აგებული.
როგორც ამ კორპორაციის მთავარი ინჟინერი მასააკი სარუტა აცხადებს ტოკიო უფრო უკეთ არის მომზადებული სტიქიასთან გასამკლავებლად ვიდრე იაპონიის სხვა ქალაქები.
მისი თქმით:“ ახლად აშენებული შენობები ძლიერ მისიძვრას გაუძლებენ. ტოკიოს ძველი სახლების გამაგრებითი სამუაშოებიც წარმატებით ჩატარდა. მე არ ვამტკიცებ, რომ ნგრევის თავიდან აცილება შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. უფრო მეტი სეისმომდგრადი სახლები უნდა ავაშენოთ და კიდევ უფრო გავამაგროთ ძველი შენობები.“
შარშან მარტში მომხდარი მიწისძვრის დროს ტოკიოში მოყვარულის მიერ გადაღებულ კადრებზე კარგად ჩანს როგორ ირყევიან ცათამბჯენები. მასააკი სარუტას განცხადებით ეს ასეც უნდა მომხდარიყო:“ გულახდილად რომ ვთქვა მე თვითონ ძალიან გამიკვირდა, როდესაც ეს ვიდეო ვნახე. მაგრამ მიწისძვრის დროს მაღალსართულიანი სახლების რყევა არ არის საშიში, რადგან ეს მათი დიზაინიდან გამომდინარეობს.“
გასულ წელს მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოდან 300 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, რამაც იაპონიის დედაქალაქის ჩაბნელება გამოიწვია. ქალაქის მესვეურები კიდევ უფრო დიდი მიწისძვრისთვის ემზადებიან, რომელიც ამ უზარმაზარ მეტროპოლისს შესაძლოა უახლეს მომავალში დაატყდეს თავს.