მძიმე ქართული სტარტი ტოკიოში: კოვიდით, უმედლოდ და სკანდალით

სანდრო ბაზაძეს ოლიმპიურ ბრინჯაომდე სულ ცოტა დააკლდა

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მძიმე სტარტი გამოუვიდა, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის პირველი სათამაშო დღეს. ყველაზე ცუდი ამბავი თბილისში მოხდა, ტოკიოში გაფრენის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა მოცურავე მარიამ იმნაძეს, რომელსაც იაპონიაში 28 ივლისს, 100 მეტრზე, თავისუფალი სტილით უნდა გაეცურა.

იმნაძე ბუნებრივია, ჩვენს გუნდს ავტომატურად გამოაკლდა და თბილისში დარჩა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დანაკლისია, 20 წლის მოცურავისთვის, რომელიც ოლიმპიადისთვის ინტენსიურად ემზადებოდა.

მარიამ იმნაძეს კოვიდი დაუდასტურდა და ტოკიოს ოლიმპიადას გამოტოვებს

„გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მარიამ იმნაძეს დაუდასტურდა კოვიდი. ჩვენ ყველაფერი ვეცადეთ, რომ იქნებ შემდგომი PCR გვქონოდა უარყოფითი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამის განხორციელება, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. სამწუხაროდ, ეს გოგონა დააკლდება ქართულ ოლიმპიურ დელეგაციას“ - განაცხადა ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.

ჩვენ ყველაფერი ვეცადეთ, რომ იქნებ შემდგომი PCR გვქონოდა უარყოფითი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამის განხორციელება, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. სამწუხაროდ, ეს გოგონა დააკლდება ქართულ ოლიმპიურ დელეგაციას
ზურაბ კახაბრიშვილი, საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი


მანამდე, მაისში, სწორედ კოვიდის გამო, ბულგარეთის სალიცენზიო ტურნირის გამოტოვება მოუხდა ოლიმპიურ ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და 30 წლის ლეგენდარული მოჭიდავეც ოლიმპიადის მიღმა დარჩა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე, პირველ სათამაშო დღეს, ოლიმპიურ მედალთან ყველაზე ახლოს მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახლდათ. სანდრომ სტარტზე ორ ეგვიპტელს მოუგო და მეოთხედფინალში სენსაცია მოახდინა, მსოფლიოს პირველი რაპირა კორეელი ოჰ სანგუკიც გამოთიშა.

ნახევარფინალში ბაზაძემ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ სილაგის წინააღმდეგობა ვერ დაძლია. ეს შეხვედრა ნერვებთან და მსაჯებთან ნამდვილი ბრძოლა გამოდგა. მსაჯობით აღშფოთებულმა ბაზაძის მამამ და პირადმა მწვრთნელმა, მერაბ ბაზაძემ, რომელიც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია, სკამიც კი ააყირავა.

სანდრო და მერაბ ბაზაძეები მსაჯების წინააღმდეგ

საბოლოოდ პროტესტმა არ გაჭრა, სილაგმა 15:13 იმარჯვა და შემდეგ, მესამე ოლიმპიური ოქროც მოიგო. ბაზაძე კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელ კიმ ჟუნგვანთანაც დამარცხდა და სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა.

"სამწუხაროდ, არ ვიცი რა დავარქვა იმას, რაც მოხდა. საერთოდ არ ველოდებოდი ოლიმპიადაზე მსგავს რაღაცას"
სანდრო ბაზაძე, მოფარიკავე


"სამწუხაროდ, არ ვიცი რა დავარქვა იმას, რაც მოხდა. საერთოდ არ ველოდებოდი ოლიმპიადაზე მსგავს რაღაცას თუ გააკეთებდნენ, მაგრამ ყველაფერს კადრულობენ. ისეთი ქულები არ ჩამითვალეს, არ ვიცი" - აღნიშნა სანდო ბაზაძემ.

ლუხუმ ჩხვიმიანი მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ იაპონელ ტაკატოსთან მარცხდება

ძიუდოში 60 კგ წონით კატეგორიაში, მესტიელი ლუხუმ ჩხვიმიანი მეოთხედფინალში მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან დამარცხდა, შემდეგ რეპეჟაში კორეელ კიმ ვონთანაც წააგო და ოლიმპიადას გამოეთიშა. ბრინჯაო ამ წონაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ მოიგო, რომელსაც ეს გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მიულოცა.

საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი ქართველმა ლუკა მხეიძემ მოუპოვა

კარგი სტარტი გამოუვიდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას ადვილად მოუგო 6:3 6:2 და 1/16 ფინალში გავიდა. ჩეჩნური წარმოშობის ქართველმა მოკრივემ ესქერჰან მადიევმა კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კუბელ ლორენსო სოტომაიორს არ დაუტოვა შანსი და ისიც მეთექვსმეტედ ფინალშია.

ჩეჩნური წარმოშობის ქართველი მოკრივე ესქერჰან მადიევი

ოლიმპიადას გამოეთიშა საქართველოს მეორე მოცურავე ირაკლი რევიშვილიც, მან 400 მეტრზე, 4 კაციან ჰიტში, ძალიან სუსტად გაცურა და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. ეს ჰიტი 17 წლის ჩილელმა ედუარდო სისტერნასმა მოიგო. რევიშვილის ეს შედეგი, 3 წუთი და 57 წამი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ აღმოჩნდა რომ 32 წლის ქართველი ფინალში გასულიყო.

მოცურავე ირაკლი რევიშვილმა ტოკიოში გამოსვლა დაასრულა

და ბოლოს, ტოკიოს ოლიმპიადის პარალელურად, ლოზანაში საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა (CAS) არ დააკმაყოფილა ქართველი ჩოგბურთელების ოქსანა კალაშნიკოვასა და ეკატერინე გორგოძის სარჩელი.

წყვილი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს (სეოკ) და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას უჩიოდა, რომ მათი დაუდევრობით, ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ აღმოჩდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგით ლიცენზია ეკუთნოდათ. ჩოგბურთელები ამ შეცდომის გამოსწორებას ითხოვდნენ.

საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა დაადგინა, რომ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ოქსანა კალაშნიკოვასა და მისი მეწყვილის განაცხადი, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში დათქმულ დროს არ წარუდგენია, რითაც ჩოგბურთელებს ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობა წაერთვათ.

ოქსანა კალაშნიკოვა ოლიმპიადის მიღმა დარჩა და პასუხისმგებლობას სეოკ-ს აკისრებს

ნიშანდობლივია, რომ სპორტული არბიტრაჟის განხილვას საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტიდან არავინ დაესწო. თავის მხრივ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ერთმანეთს ადანაშაულებენ, რომ განახლებულ ოლიმპიურ განაცხადში კალაშნიკოვა და გორგოძე არ აღმოჩდნენ.

“მე მაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ჩვენი განაცხადი არ იყო გაგზავნილი”
ოქსანა კალაშნიკოვა, ქართველი ჩოგბურთელი


“მე მაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ჩვენი განაცხადი არ იყო გაგზავნილი” – ამბობს ოქსანა კალაშნიკოვა.

ვინ აგებს პასუხს რომ საქართველომ შესაძლოა, ორი ოლიმპიური ლიცენზია დაუდევრობით დაკარგა, ბოლომდე ნათელი ისევ არ არის. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი კომენტარს ამ თემაზე, ჯერჯერობით არ აკეთებს.

25 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოვლენ: ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მეცხრე ოლიმპიადა იქნება და ამ ფენომენალური მაჩვენებლით, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში შევა; ძიუდოისტები ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და ვაჟა მარგველაშვილი; ასევე ორი ძალოსანი გოგა ჩხეიძე და შოთა მიშველიძე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოში