ტოკიო 2020: უკეთ, ვიდრე რიოში გამოვიდა, პეკინამდე... წამები დაგვაკლდა

არხილოსკალოელი ლაშა ბექაურის ოქროს ფინალი

2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - 8 ოლიმპიური მედალი სარეკორდოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 33 ოლიმპიელით წარსდგა. 1996 წლიდან, რაც საქართველომ ოლიმპიადაზე გამოსვლა ეროვნული დროშით დაიწყო, ჩვენი საუკეთესო შედეგი, პეკინსა და რიოში მოპოვებული 7-7 მედალი იყო.

ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე - ორი ოლიმპიური ოქრო!

ხარისხობრივად, მედლების წლევანდელი მონაგარი - 2 ოქრო, პეკინის 2008 წლის თამაშების შედეგს ჩამორჩება, მაშინ ქართველმა ოლიმპიელებმა 3 ოლიმპიური ოქროს მოგება შეძლეს. ასე, რომ ჩვენი ოლიმპიური სლოგანი „უკეთ, ვიდრე რიოში“ შესრულდა, პეკინის შედეგების გაუმჯობესებამდე კი...წამები დაგვაკლდა.

ძიუდო

ოქრო და 3 ვერცხლი - ქართველი ძიუდოისტების ბრწყინვალე მონაგარი

ის, რომ 8 მედლიდან 4 ძიუდოისტებმა მოგვიტანეს, ძიუდოს ნაკრების ნამდვილი ტრიუმფია. ეს შედეგი საუკეთესოა, 1964 წლის ტოკიოს თამაშებიდან, როცა ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე პირველი მედლები მოიპოვეს.

არხილოსკალოელი ლაშა ბექაური ამ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი გახდა. 21 წლის ძიუდოისტმა ფანტასტიური ჭიდაობით ოლიმპიური ოქრო და მილიონი ლარი მოიგო. ძალიან ახლოს იყო მიზანთან კოჯრელი გურამ თუშიშვილიც, თუმცა, ფინალში, ბოლოსკენ კონცენტრაცია დაკარგა და უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ჩეხ კრპალეკთან დამარცხდა.

ოლიმპიადების ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფინალი, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილსა და უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს შორის. ლაშამ სასწაულად იბრძოლა, თუმცა დამატებით დროში ოქრო მაინც დათმო. კარალეთელი შავდათუაშვილის კოლექციაში უკვე ყველა სინჯის ოლიმპიური მედალია: ოქრო (2012), ბრინჯაო (2016) და ვერცხლი (2020), რაც უნიკალური შედეგია.

გორელი ვაჟა მარგველაშვილის ფინალი და ვერცხლი კი საოცარი მოულოდნელობა იყო, მარგველაშვილი ოქრომდე იაპონელმა ჰიფუმი აბემ არ მიუშვა. ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა მესტიელი ეთერ ლიპარტელიანიც და დასანანია, რომ იგი მედალს ვერ შეწვდა.

მეტი მოლოდინი იყო, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანის, ლუხუმ ჩხვიმიანის, ტატო გრიგალაშვილისა და გასაკუთრებით, ვარლამ ლიპარტელიანის მიმართ, მით უმეტეს, რომ ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩენის შემდეგ, ძიუდოდან საერთოდ წავიდა, თუმცა, ეს ოლიმპიადა მათი არ აღმოჩნდა.

საერთო ჯამში, ქართულმა ძიუდომ, რომელსაც ბოლო წლებში, შიდა სკანდალები, დაპირისპირება და არეულობა არ აკლდა, მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის თაოსნობით, ოლიმპიადაზე ყველა დროის საუკეთესო შედეგი დადო.

ძალოსნობა

ლაშა ტალახაძე - ოქრო და ანტონ პლიესნოი - ბრინჯაო

ლაშა ტალახაძის მეორე ოლიმპიურ ოქროს მედალს, ყველა, ჯერ კიდევ 2016 წლიდან ელოდა, როცა მან პირველი ოლიმპიური ოქრო, რიოში მოიგო. მოულოდნელობა ბუნებრივია არ მომხდარა. ტალახაძემ ოქრო იოლად და სასწაული წონების დაფიქსირებით აიღო.

საჩხერელმა გოლიათმა ატაცში (223 კგ), აკვრასა (265 კგ) და ორჭიდში (488 კგ), სამი მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის რეკორდი დაამყარა. ერთადერთი, არ გამართლდა მხოლოდ მოლოდინი, რომ ლაშა აკვრაში 266 კგ-იან შტანგას შეუტევდა და ბელარუსი სერგეი ტარანენკოს მიერ 1988 წელს დამყარებულ რეკორდს მოხსნიდა, რომელიც დღემდე გინესის რეკორდად რჩება.

ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორი ოლიმპიური ოქრო მოიგო. ასეთი შედეგი აქამდე მოჭიდავე ლევან თედიაშვილს ჰქონდა, უკეთესი შედეგი - სამი ოლიმპიური ოქრო, მხოლოდ სოხუმელ მძლეოსანს ვიქტორ სანეევს აქვს. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადზე ლაშა სწორედ სანეევის რეკორდს შეუტევს.

შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე

ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს უკრაინული წარმოშობის ქართველი ძალოსანის ანტონ პლიესნოის გამოსვლაც, ანტონმა ოლიმპიური ბრინჯაო ფაქტიურად, ცალი ფეხით, მუხლის ტრავმით მოიგო! გოგა ჩხეიძე და განსაკუთრებით, შოთა მიშველიძე კი საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად გამოვიდნენ.

ჭიდაობა

გენო პეტრიაშვილი და იაკობ ქაჯაია - ორი ვერცხლი

მიუხედავად, იმისა, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს წამები აშორებდა ოლიმპიურ ჩემპიონობას, როგორც თავისუფლების, ისე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გამოსვლა, საერთო ჯამში, არადამაკმაყოფილებელი იყო.

პეტრიაშვილს არასოდეს დაავიწყდება 13 წამში დაკარგული ოქრო, მილიონი ლარი და აქამდე უსახელო, 21 წლის ამერიკელის, ჭიდაობის ამომავალი ვარსკვლავის გეიბლ დან სტევსონის გამარჯვების მალაყი. „ეს საუკუნის ბრძოლა იყო“ - თქვა მინესოტელმა დებიუტანტმა, რომელიც ოლიმპიადის მთავარ აღმოჩენად იქცა.

დღეს ბევრი ამბობს, რომ ფინალში, გენოს გვერდით, ლეგენდარული ნუგზარ სხირელი რომ ყოფილიყო, მისი აღზრდილი, 13 წამში 4 ქულას არ დაკარგავდა. სხირელი, სამწუხაროდ, 75 წლის ასაკში, ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე, 7 თვით ადრე გარდაიცვალა.

ეს ტრაგედია და აღმზრდელის დაკარგვა, საბოლოოდ, 27 წლის გორელი ფალავნისთვის დაუძლეველი ფსიქოლოგიური ბარიერი აღმოჩნდა. პეტრიაშვილი ვერცხლს დასჯერდა და ახლა მის კოლექციაში, ორი ოლიმპიური მედალია - ტოკიოს ვერცხლი და რიოს ბრინჯაო, რაც უდაოდ დიდი მიღწევაა.

მეორე ვერცხლი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ მოგვიტანა, რომლისთვისაც ეს მაქსიმუმი იყო. წყალტუბოელმა ფალავანმა ფინალი, ჭიდაობის ლეგენდასთან, უკვე ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, 38 წლის კუბელ მიხაინ ნუნეს ლოპესთან უშანსოდ წააგო.

სხვა მოჭიდავეები ძალიან სუსტად გამოვიდნენ და ეს ჭიდაობის ფედერაციაში სერიოზული ცვლილებების დაწყებისთვის სიგნალი უნდა იყოს.

მთლიანობაში, ორივე სტილის ჭიდაობას, სანახაობრივი თვალსაზრისით, სერიოზული რეფორმა სჭირდება, რომ ეს უძველესი სპორტის სახეობა მომავალ ოლიმპიადებზე კვლავ ვიხილოთ.

ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ჩოგბურთი, ტანვარჯიში

ოლიმპიური ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ოლიმპიზმის ისტორიაში შევიდა. იგი პირველი ქალია, რომელმაც ზედიზედ ცხრა ოლიმპიადაზე იასპარეზა. სამწუხაროდ, 52 წლის სპორტსმენმა ტოკიოში, ორივე დისტანციაზე, საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და შთამბეჭდავი კარიერა დაასრულა.

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ძალიან ახლოს იყო, რომ სეულის 1988 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ამ სახეობაში, საქართველოს მედალი ისევ აეღო. ბაზაძემ არცთუ მსაჯების დაუხმარებლად, ჯერ დრამატული ნახევარფინალი, მომავალ და უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ უნგრელ სილაგთან წააგო. შემდეგ, მწყობრიდან გამოსულმა ბრინჯაოს მედალიც დათმო. იმსახურებდა თუ არა მეტს? ეს შრომისმოყვარე, მაგრამ ზედმეტად ემოციურმა სანდრომ პარიზის ოლიმპიადაზე უნდა დაამტკიცოს.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადას საკმაოდ ცუდ ფორმაში შეხვდა. ამის მიუხედავად, ტოკიოში ორი წრის გავლა მაინც შეძლო და საბოლოოდ, მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან, გერმანელ საშა ზვერევთან ორ სეტში დამარცხდა.

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავასთვის ეს ზედიზედ მეორე ოლიმპიადა იყო. სალომე რგოლით, ბურთით, გურზებით (რაჭული ჰანგების ფონზე) და ლენტით ბევრს ეცადა, თუმცა, საუკეთესო ათ ფინალისტთა შორის ვერ მოხვდა და მე-17 ადგილს დასჯერდა.

კრივი, კარატე, ცურვა. მძლეოსნობა

კრივში შედეგი მხოლოდ, ჩეჩნური წარმოშობის ქართველმა მოკრივე ესქერჰან მადიევმა აჩვენა. მან ორი რაუნდი ძალიან დამაჯერებლად გაიარა, შემდეგ კი მსოფლიო ექს-ჩემპიონ რუს მოკრივესთან დამარცხდა და ბრინჯაოს ვერ შეწვდა. საჰილ ალაჰვერდოვი და გიორგი ხარაბაძე კი სუსტად გამოვიდნენ.

კარატე ტოკიოში, როგორც ოლიმპიური სახეობა პირველად იყო წარმოდგენილი და საქართველოს სახელით გოგიტა არქანიამ იბრძოლა. 37 წლის კარატისტმა საბოლოდ ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო. რაც შეეხება კარატეს დებიუტს, ის, რომ სპორტის ამ სახეობას პარიზის მომავალ ოლიმპიადაზე აღარ ვიხილავთ, ვფიქრობ, ლოგიკურია.

ვინაიდან ცურვას საქართველოში სათანადო ყურადღება საერთოდ არ ექცევა, ირაკლი რევიშვილის მიერ ნაჩვენები სუსტი შედეგი ტოკიოში გასაკვირი არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ტოკიოში გაფრენამდე კოვიდი დაუდასტურდა და ოლიმპიადის გამოტოვება მოუხდა ჩვენს მეორე მოცურავე მარიამ იმნაძეს.

უფრო დიდი სკანდალი მძლეოსნობაში მოხდა, ტოკიოში დოპინგზე ჩავარდა, თბილისელი ბირთვის მკვრელი ბენიკ აბრამიანი. მან იაპონიაში გამგზავრებამდე სავალდებულო ტესტი ჩააბარა, თუმცა, ტოკიოში შემოწმება ჩააგდო და ახლა სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის. ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ინფორმაციით, აბრამიანმა აკრძალული სტეროიდები ტოკიოში თავად ჩაიტანა და სავრაუდოდ, შეჯიბრების წინ მიიღო.

ვინაიდან, საქართველოში მძლეოსნობაც ბედის ანაბარად არის მიტოვებული, ბირთვის კვრელების სოფიკო შათირიშვილის და გიორგი მუჯარიძის, სამხტომელი ლაშა ღულელაურისა და სიგრძეში მხტომელი ბაჩანა ხორავასგან რაიმე ხელჩასაჭიდი შედეგის მოლოდინი არც იყო.

სკანდალები

იმნაძე ოლიმპიადის მიღმა - კორონამ, აბრამიანი - დოპინგმა, კალაშნიკოვა და გორგოძე კი სეოკის დაუდევრობამ დატოვა

დოპინგ და კორონა სკანდალის გარდა, საქართველოს ოლიმპიური ეროვნული კომიტეტი კიდევ დიდ ორ სკანდალში გაეხვა. ოლიმპიადის დაწყებამდე ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის დაუდევრობით, სავარაუდოდ, ქალთა ჩოგბურთში ორი ოლიმპიური ლიცენზია დავკარგეთ.

ლოზანას საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა დაადგინა, რომ ქართველი ჩოგბურთელების ოქსანა კალაშნიკოვასა და ეკატერინე გორგოძის განაცხადი, ქართულმა მხარემ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში დათქმულ დროს არ წარადგინა, რითაც ჩოგბურთელებს, რომლებიც რეიტინგით ტოკიოში წასვლას იმსახურებდნენ, ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობა წაერთვათ.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელ ქალ ჩოგბურთელთა წყვილმა, რომლებიც ტოკიოში, შესაძლოა, ქართველი სპორტული ჩინოვნიკების დაუდევრობით მოხდნენ, ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ოლიმპიურ კომიტეტსა და ჩოგბურთის ფედერაციაში ამ დაუდევრობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მეორე სკანდალი კი ძიუდოისტებს უკავშირდება, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორებს ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილის, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ოლიმპიური სოფელი და იაპონია ნაადრევად დაატოვებინეს. ქართველებმა კოვიდ წესების იგნორირებით თვითნებურად დატოვეს ოლიმპიური სოფელი, ისინი ტოკიოს ანძასთან შეაჩერეს, რასაც აკრედიტაციის გაუქმება მოჰყვა.

მამლუქები

ფრანგი მხეიძე, ავსტრიელი ბორჩაშვილი და სერბი დათუნაშვილი - 3 ბრინჯაო

ტოკიოს ოლიმპიადაზე სხვადასხვა ქვეყნის სახელით, რამდენიმე ქართული წარმოშობის და ფესვების სპორტსმენი გამოვიდა. მათგან, სამმა ოლიმპიური მედალი მოიგო. ძიუდოისტებმა ლუკა მხეიძემ და შამილ ბორჩაშვილმა, საფრანგეთსა და ავსტრიას ბრინჯაოს მედლები მოუტანეს;

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა კი, რომელსაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა კასტეტი ჩაარტყა და ქვეყნიდან გააქცია, ასევე ბრინჯაოს მედალი, სერბეთის დროშით იზეიმა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამოსვლა ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, დადებითად უნდა შეფასდეს 8 მედალი აქამდე არასდროს აგვიღია, ოლიმპიადის მონაწილე 206 ქვეყანას შორის საქართველომ მედლების რაოდენობით 33-ე ადგილი დაიკავა.

თუმცა, საყურადღებოა, რომ წარმატებას ისევ, ჩვენთვის ტრადიციულ, საჭიდაო სახეობებსა და ძალოსნობაში მივაღწიეთ, სადაც ქართული სკოლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. სპორტის სხვა სახეობებში, განსაკუთრებით, გუნდურ სახეობებში მძიმე და დაუსრულებელი კრიზისი გვაქვს.