დაკარგულ წყალქვეშა აპარატს კვლავ ეძებენ - ბორტზე ჟანგბადის მარაგი იწურება

გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის ძებნა გრძელდება. სამშაბათს, კანადის საჰაერო ხომალდმა ოკეანის სიღრმიდან დაუდგენელი ხმა გაიგონა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ახლა კაფსულის პოვნას ცდილობენ. დაკარგულია მცირე ზომის წყალქვეშა აპარატი, რომელმაც ტურისტები ოკეანეში ჩაძირული "ტიტანიკის" ნარჩენების სანახავად ჩაიყვანა. კანადასთან ერთად, სამაშველო სამუშაოებში შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები მონაწილეობენ.

კაფსულაში 5 ადამიანი იმყოფება. მათ ჟანგბადის მარაგი ხუთშაბათამდე აქვთ და ესეც იმ გათვლით, რომ უსაფრთხოების, ენერგოუზრუნველყოფის ან სხვა სისტემები დაზიანებული არ არის.

გემი "პოლარ პრინცი" კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანაპიროდან კვირას გავიდა. ნაპირიდან დაახლოებით 640 კილომეტრის დაშორებით, მომცრო წყალქვეშა ნავით "ტიტანი", კაპიტანი და ექსპედიციის 4 მონაწილე ჩაძირულ "ტიტანიკთან" 3.2 კილომეტრის სიღრმეზე უნდა ჩასულიყვნენ. ამერიკის სანაპირო დაცვის ცნობით, გემმა კონტაქტი წყალქვეშა ნავთან კვირას, ჩაყვინთვიდან დაახლოებით 45 წუთში დაკარგა. ნავს წყალქვეშ შეუძლია 96 საათი დარჩეს, თუმცა ტური "ტიტანიკამდე" სულ რაღაც 2 საათს უნდა გაგრძელებულიყო. "ტიტანიკის" ნარჩენები ოკეანის ფსკერზე, 3 810 მეტრის სიღრმეშია. იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდესი ბრიტანული სამგზავრო ხომალდი 1912 წლის 15 აპრილს, აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. გემის კატასტროფის შედეგად 1 500-ზე მეტი მგზავრი დაიღუპა.

ტურების ოპერატორი კომპანია "ოუშენ გეითი" ექსპედიციის მონაწილეთა ვინაობას არ ამხელს, თუმცა სოციალური ქსელებიდან და სხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ წყალქვეშა ნავზე იმყოფებიან: 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი; ბრიტანეთის მოქალაქეები -- პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავორდი თავის 19 წლის შვილ სულემანთან ერთად; 77 წლის ფრანგი მოგზაური და მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგოლეტი და სტოქტონ რაში - თავად ექსპედიციის ოპერატორი კომპანიის დამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი. ამ წყალქვეშა ნავზე მოხვედრა მსურველისთვის 250 000 დოლარი ღირს.

მაშველები იმედოვნებენ, რომ როგორმე კომუნიკაციის აღდგენას შეძლებენ, რადგან მიკროავტობუსის ზომის წყალქვეშა ნავის პოვნა სხვაგვარად ძალიან რთულია. ამასთან, კაფსულა ისეა დალუქული და დახურული, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის წყალზე ამოტივტივდა, მისი გახსნა გარედან დახმარების გარეშე, მხოლოდ შიგნიდან რთული იქნება.