შეერთებულ შტატებს და თურქეთს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა გამოსწორების გზაზეა. თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.
“ვფიქრობ, ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ ნდობის იმ ხარისხამდე მივსულიყავით, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ურთიერთობისთვის” - განაცხადა დღეს ტილერსონმა თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელი სტამბოლში ამერიკის მისიის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მან ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და პარტნიორობის გაღრმავების უცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მოუთმენლად ელის თურქეთთან მუშაობას გლობალური ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.