ტილერსონი რუსეთზე დაწესებული სანქციების წინააღმდეგი იყო

ამერიკის მომდევნო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე „ექსონ მობილის“ ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი წარადგინა. ტილერსონი პუტინთან მისი კავშირების გამო ოპონენტების კრიტიკის ობიექტი გახდა. ის 41 წლის მანძილზე ერთ ნავთობკომპანიაში მუშაობდა, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ბიზნეს-ინტერესები აკავშირებს. კრემლმა, თავის მხრივ, რექს ტილერსონი შეაქო და მას თავისი საქმის „პროფესიონალი“ უწოდა.

დონალდ ტრამპის თქმით, ტილერსონზე არჩევანის შეჩერება, მის მიერ მსოფლიო მასშტაბის კომპანიის მართვის გამოცდილებამ განაპირობა. „მისი ფართო გამოცდილების, შეუპოვრობის და გეოპოლიტიკური საკითხების ღრმა ცოდნის გათვალისწინებით, ის შესანიშნავი კანდიდატია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე“, - განაცხადა ტრამპმა. „ჩვენ რეგიონალურ სტაბილურობაზე ვიმუშავებთ და ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მისმა გუნდმა გამოაქვეყნა.

აღნიშნულს გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, ტილერსონის ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან „შეშფოთების საგანს წარმოადგენს“. ტეხასის უნივერსიტეტში საუბრისას, ამ წლის დასაწყისში, ტილერსონმა აღნიშნა, რომ მას „ძალიან ახლო ურთიერთობა“ აქვს პუტინთან. ის რუსეთის პრეზიდენტს უკვე 15 წელია იცნობს.

გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ 2014 წელს, „ექსონ მობილის“ ყოველწლიურ შეკრებაზე ტილერსონი დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც კრემლს ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში წარმოებული აგრესიული ქმედებების გამო დაეკისრა. „ჩვენ ზოგადად არ ვუჭერთ მხარს სანქციებს, რადგან არ მიგვაჩნია ისინი ეფექტურ საშუალებად, თუკი ისინი ყოვლისმომცველი და კარგად დანერგილი არ არის. ეს ძალიან რთული გასაკეთებელია. ყოველთვის მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებს, გაითვალისწინონ დიდი თანმხლები ზარალი და ის, თუ ვის მიაყენებენ ამით ზიანს“ - თქვა ტილერსონმა ორი წლის წინ.