6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესზე თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურებმა კანონმდებლები სპეციალურ, დაცულ ოთახში გადაიყვანეს. ერთმანეთთან ახლო კონტაქტისა და დახურულ სივრცეში ყოფნის შემდეგ 3 კანონმდებელი კოვიდ-დადებითია. ისინი რესპუბლიკელ კოლეგებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ასეთ პირობებშიც კი ისინი უარს აცხადებნდენ ნიღბის ტარებაზე.
ბრედ შნაიდერი მესამე დემოკრატი კონგრესმენია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ასევე ნახეთ: კაპიტოლიუმზე მიტანილი თავდასხმა, შესაძლოა, კოვიდ-19-ის სუპერ-გამავრცელებელი მოვლენა ყოფილიყო
"გასულ ოთხშაბათს მოძალადე ბრბოსგან თავის დაღწევის შემდეგ იძულებული ვიყავი რამდენიმე საათი გამეტარებინა უსაფრთხო, მაგრამ დახურულ სივრცეში რამდენიმე ათეულ სხვა კონგრესმენთან ერთად. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებელი ოთახში ყოფნისას მტკიცედ აცხადებდა უარს ნიღბის გაკეთებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მათ ამის გაკეთება რამდენჯერმე თავაზიანად სთხოვეს", - ამბობს შნაიდერი.
რესპუბლიკელ კოლეგებს აკრიტიკებს დემოკრატი პრამილა ჯაიაპალიც. მას ვირუსი სამშაბათს დაუდასტურდა.
"ბევრი რესპუბლიკელი უარს ამბობს პანდემიისა და ვირუსის სერიოზულად აღქმაზე და ამის გაკეთებით ისინი საფრთხეს უქმნიან ყველას მათ ირგვლივ. სულ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კაპიტოლიუმზე, ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს დემოკრატიაზე სასიკვდილო თავდასხმა წააქეზა, ბევრი რესპუბლიკელი კვლავ უარს ამბობდა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უსაფრთხოების მინიმალური ზომები დაეცვა და გაეკეთებინა წყეული ნიღაბი ხალხით გაჭედილ ოთახში პანდემიის დროს", - ამბობს კონგრესმენი.
ორშაბათს კორონავირუსი დაუდასტურდა ბონი უოტსონსაც. მისი თქმითაც, რამდენიმე რესპუბლიკელმა ნიღბის ტარების მოწოდებები უგულვებელყო.
რესპუბლიკელი კანონმდებლები ამ ბრალდებებზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
კაპიტოლიუმის თერაპევტი, ექიმი ბრაიან მოინიანი ამბობდა, რომ კანონმდებლებს ვირუსით დაინფიცირების რისკი შეექმნათ და ის ყველას ტესტირებისკენ მოუწოდებდა.