7 მაისს, მოსკოვთან ახლოს ქალაქ ტვერში, პროკრემლისტური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ადგილობრივ აქტივისტთა ჯგუფმა სამედიცინო უნივერსიტეტის ფასადიდან ორი მემორიალური დაფა ჩამოხსნა, რომლებიც 1940 წელს მასობრივად დახვრეტილი პოლონელი სამხედრო ტყვეების ხსოვნას ეძღვნებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ტვერის სამედიცინო უნივერსიტეტის შენობაში საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის, ე.წ. ნკვდ-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) რეგიონული განყოფილება იყო განთავსებული.
ამ მასობრივ დახვრეტას კატინის ტრაგედია უწოდეს, იმ სოფლის სახელის მიხედვით, სადაც 22,000 პოლონელი სამხედრო ოფიცრისა და ინტელექტუალის უმრავლესობა 1940 წლის აპრილ-მაისში მოკლეს.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელმა მაქსიმ კორმუშკინმა, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი მონაწილეობდა დაფების ჩამოხსნაში, ტვერის საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ ეს „ისტორიული მომენტი“ იყო.
„საქმე ის გახლავთ, რომ ეს დაფები სამედიცინო აკადემიის შენობაზე უკანონოდ იყო მიმაგრებული, ყოველგვარი ისტორიული საფუძვლის გარეშე... ის უკვე ერთგვარ ისტორიულ რელიკვიას წარმოადგენს მთელი იმ დაპირისპირების გათვალისწინებით, რაც ამ ვერსიის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის მიმდინარეობდა. და აი დღეს, როგორც იქნა, საღმა აზრმა გაიმარჯვა - ისტორიული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მსგავსი დახვრეტები არ მომხდარა,“ უთხრა კორმუშკინმა ტვერის საინფორმაციო სააგენტოს, რომლის ვიდეოჩანაწერიც YouTube-ზეა განთავსებული.
ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
საბჭოთა კავშირი პოლონეთში 1939 წლის სექტემბერში შეიჭრა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დაიპყრო. იმავე დროს, პოლონეთის დასავლეთი ნაწილი ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად, ამ ორმა ოკუპანტმა ქვეყანამ პოლონეთი გავლენის სფეროებად გაიყო და პოლონეთის სამხედრო და ინტელექტუალური ელიტის, ასევე პოლონეთის ებრაელი მოსახლეობის განადგურებას შეუდგა.
საბჭოთა ნკვდ-მ, კგბ-ს (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) და ფსბ-ს (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) წინამორბედმა, ათასობით პოლონელი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანა, მათ შორის რუსეთში, სმოლენსკთან ახლოს მდებარე ქალაქ კოზელსკში.
სმოლენსკი გერმანიამ 1941 წელს დაიპყრო.
1943 წლის 13 აპრილს, სმოლენსკთან ახლოს, სოფელ კატინის მიმდებარე ტყეში გერმანიის საოკუპაციო ძალებმა რვა მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამ საფლავებში იმ ათასობით პოლონელი სამხედრო ოფიცრის და ინტელექტუალის ნეშტი იყო, რომლებიც კოზელსკის სამხედრო ტყვეთა ბანაკში იყვნენ გადაყვანილი. ნაცისტურმა რეჟიმმა საბჭოთა არმია ამ ადამიანების მასობრივ დახვრეტაში დაადანაშაულა.
აშშ-ის ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, გერმანიამ სამედიცინო ექსპერტთა საერთაშორისო კომისია მიიწვია, რომელმაც 1943 წლის გაზაფხულზე საფლავები გათხარა და დაადგინა, რომ მასობრივი მკვლელობა 1940 წელს იყო ჩადენილი, როდესაც ამ ტერიტორიას საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ, 1943 წლის შემოდგომაზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა სმოლენსკი გერმანელებისგან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ეს საფლავები გათხარეს და გამოაცხადეს, რომ მასობრივი მკვლელობა 1941 იყო ჩადენილი, როდესაც ეს რეგიონი ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. შესაბამისად, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს მკვლელობები გერმანულ არმიას დააბრალა.
თითქმის 50 წელი უარყოფდა საბჭოთა კავშირი კატინის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, 1990 წლის 13 აპრილს, საბჭოთა ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მეშვეობით, რომელშიც 22,000 პოლონელის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აღიარა და მას „სტალინიზმის ერთ-ერთი უსაზარლესი დანაშაული“ უწოდა.
2010 წლის 28 აპრილს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ბრძანებით, „კატინის დოკუმენტების დედნები“, მათ შორის დახვრეტილთა სია და დახვრეტის ბრძანებები გასაჯაროვდა.
მართალია, ის გვერდი, სადაც ნკვდ-ს ეს საარქივო დოკუმენტები იყო გამოქვეყნებული, ისევ არსებობს რუსეთის სამთავრობო არქივის საიტზე, მაგრამ თვითონ დოკუმენტები, რომლებსაც ეწოდებოდა „დოკუმენტები ‘კატინის პრობლემის’ შესახებ ‘1-ლი პაკეტიდან’“, ხელმისაწვდომი აღარ არის.
კატინის ტრაგედიის ორი მემორიალური დაფა - ერთი რუსულ და მეორე პოლონურ ენაზე, ტვერის სამედიცინო უნივერსიტეტის ფასადზე 1991 და 1992 წლებში განთავსდა, ქალაქის საკრებულოს ბრძანებების საფუძველზე. 1954 წლამდე ამ შენობაში საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის რეგიონული განყოფილება იყო განთავსებული. საარქივო დოკუმენტების თანახმად, ამ შენობის სარდაფებში 6,000-ზე მეტი პოლონელი წამებით მოკლეს.
2019 წლის დეკემბერში ტვერის პროკურატურამ სამედიცინო უნივერსიტეტის ფასადიდან კატინის მემორიალური დაფების ჩამოხსნის ბრძანება გასცა და მიზეზად დაასახელა რისკი, რომელიც ხსოვნის აღნიშვნის ყოველწლიური ცერემონიით ექმნებოდა „სტუდენტებისა და ფაკულტეტის უსაფრთხოებას“. მართალია, პროკურატურა უარყოფდა ამ ბრძანების „რაიმე პოლიტიკურ მოტივს“, მაგრამ მის ბრძანებაში ეწერა, რომ „მემორიალურ დაფებზე გაკეთებული წარწერები დოკუმენტურ ფაქტებზე დამყარებული არ არის“.
რუსეთის მიბრუნება მეორე მსოფლიო ომის შესახებ საბჭოურ ნარატივთან სულ უფრო მკაფიო შესამჩნევია ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ექსპერტების აზრით, ისტორიის გადაწერა და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის დიადი გამარჯვების შესახებ პროპაგანდის აღორძინება, მათ შორის სტალინის განდიდება, ვლადიმირ პუტინის პოპულარობის მთავარ ფაქტორად იქცა.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" ყალბი ფაქტების დამდგენ პროექტ Polygraph- ის გვერდზე.