მიროსლავა ღონღაძე: კუჩმა კვლავ ეჭვმიტანილია.

უკრაინელები გიორგი ღონღაძეს იხსენებენ, კიევი, 16 სექტემბერი, 2013.

კიევში, 16 სექტემბერს სხვადასხვა ჟურნალისტური ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის ხსოვნას მიაგეს პატივი.

ინტერნეტ- გამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ დამფუძნებელი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. 2 ნოემბერს კიევის ოლქის ტყეში გამომძიებლებმა ჟურნალისტის გვამი იპოვეს.

გიორგი ღონღაძე უკრაინის მთავრობაში არსებულ კორუფციაზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა, რაც მაშინდელ პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას უკავშირდებოდა.

2013 წლის იანვარში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოლექსეი პუკაჩი ღონღაძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ბრადლდებულმა მკვლელობის შემკვეთებად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, მისი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ ლიტვინი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ იური კრავჩენკო დაასახელა.

2013 წელს უკრაინაში ჟურნალისტებზე თავდასხმის 53 შემთხვევა დაფიქსირდა.

16 სექტემბერს კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე ასამდე ჟურნალისტმა მოიყარა თავი. მათ ღონღაძისა და სხვა გარდაცვლილი კოლეგების საქმიანობა და თავგანწირვა გაიხსენეს.

ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში გიორგი ღონღაძის ქვრივმა მიროსლავა ღონღაძემ აღნიშნა, რომ სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ამ დანაშაულში სამართლიანი შედეგი ჯერ არ დამდგარა.

მისივე თქმით ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რომელსაც გიორგის მკვლელობა ბრალდება, ჯერ ისევ ეჭვმიტანილად რჩება, რჩება სხვა ბრალდებებიც."

მიროსლავა ღონღაძე, რომელიც ვაშინგტონში გაიქცა გიორგის მკვლელობის შემდეგ, იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები საბოლოოდ დაისჯებიან. მისი აზრით, გიორგის ხვედრი დღეს შეიძლება ნებისმიერს ერგოს უკრაინაში მაშინ როდესაც თავდასხმები ჟურნალისტებზე გრძელდება. "დღეს მათ ხმის ამოღებისა არ ეშინიათ-ამბობს ღონღაძის ქვრივი-, და ამიტომაც შემცირდა ძალადობა ამ პროფესიის წარმომადგენლებზე, თუმცა ჟურნალისტობა მაინც საშიშია."-აცხადებს მიროსლავა ღონღაძე და დასძენს, რომ გამოსავალი მათი პროფესიონალიზმი და სოლიდარობაა.